იტალიის სერია A-ში საჩემპიონო რბოლა 31-ე ტურის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. „ინტერისა“ და „ნაპოლის“ გამარჯვებებს „მილანმა“ საკადრისად ვერ უპასუხა და უმნიშვნელოვანესი ქულები გაანიავა, რომელიც შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს.
სტეფანო პიოლის გუნდმა „ბოლონიას“ უმასპინძლა და ცხადია 3 ქულას გეგმავდა, მაგრამ მხოლოდ ქულას დასჯერდა. „როსონერიმ“ სათამაშო უპირატესობის გოლში ასახვა ვერ მოახერხა და საბოლოოდ ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.
სხვათა შორის, „მილანს“ სერია A-ში 4 მატჩია გოლი არ გაუშვია, ხოლო იტალიის თასის მატჩსაც თუ მივათვლით, 5 თამაშია, მაგრამ გოლის გატანაც ძალიან უჭირს, რადგან ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და ამავე ექვს მატჩში გოლზე მეტი არცერთხელ გაუტანია.
შედეგად, „მილანი“ 67 ლიდერია, მაგრამ „ნაპოლის“ მხოლოდ 1 და „ინტერს“ 4 ქულით უსწრებს. თანაც, „ნერაძურის“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, დარჩენილი 7 ტური ძალიან საინტერესო და დაძაბული იქნება.