ფეხბურთი

23:58 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "კვარაცხელიას ვურჩევ იტალიური ენა მალე ისწავლოს, "ნაპოლი" მისთვის იდეალური გუნდია"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა იტალიურ გამოცემა Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

21 წლის ქართველი ფეხბურთელით „ნაპოლია“ დაინტერესებული და სიომინთან ინტერვიუც ამით იყო განპირობებული. რუსმა სპეციალისტმა ხვიჩა ლორენცო ინსინიეს შეადარა და „ნაპოლის“ მისი შეძენა ურჩია.

„სამწუხაროდ, ის ჩვენთან იჯარით იყო და მხოლოდ 6 თვე დარჩა, მაგრამ ვარჯიშებზე შთაბეჭდილება მოახდინა. მახსოვს, რამდენიმე სესიის შემდეგ, ჩემთან ერთი ფეხბურთელი მოვიდა, ზუსტად არ მახსოვს რომელი, მაგრამ მითხრა ძირითადში დამეყენებინა: „ნამდვილად მხოლოდ 18 წლისაა? ასეთი ფეხბურთელი ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს“.

ის ინსინიეს საფეხბურთო ასლია. „ნაპოლი“ თუ დაიმატებს, კარგი შენაძენი იქნება. დრიბლომანი, ტექნიკური და გენიალური, მისგან ყოველთვის რაღაც ელოდები. მისი ადგილი მარცხენა ფლანგზეა, პირველად ვიდეოთი ვნახე მისი თამაში, სანამ „რუსთავიდან“ წავიყვანდით, რამდენიმე ვიდეო მაჩვენეს. ერთ-ერთში, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას, ბურთი აუტის ხაზთან მიიღო, 4 მეტოქე მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა, ძალიან მშვიდად, თითქოს ეს არაერთხელ გაეკეთებინა. ცხადია, მე ვთქვი დიახ, „ის უნდა ავიყვანოთ“. მამამისი ბადრი კარგი თავდამსხმელი იყო, აზერბაიჯანში თამაშობდა და ალბათ, რაღაც ხრიკები მისგანაც ისწავლა.

მას მხოლოდ რამდენიმე თვე ვწვრთნიდი, მაგრამ თვისებები გამოვლინდა, იმდენად, რომ შემდეგ „რუბინმა“ წაიყვანა. მარტო იყო ხოლმე, მაგრამ სავარჯიშოდ მოედანზე ყოველთვის პირველად გადიოდა. საჯარიმო დარტყმებში, ერთი-ერთზე თამაშში, საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმებში ვარჯიშობდა, შრომისმოყვარეა.

როდესაც „ლოკომოტივმა“ გაუშვა, მე წინააღმდეგი ვიყავი. მხოლოდ 18 წლის იყო, ხარისხიანი და თამამი მარცხენა გარემარბი. მარცხნივ თამაშობს, მაგრამ ცენტრში იწევს და მარჯვენა ფეხით კარში ურტყამს, ისე, როგორც ინსინიე. ის იდეალური შემცვლელი იქნება. 4-2-3-1 თუ 4-3-3 მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ საკმარისია ის ფლანგზე გაამწესო. 2021 წელს ესპანეთთან გოლი მასზე ყველაზე კარგად მეტყველებს. ვურჩევ, რომ სასწრაფოდ იტალიური ენა ისწავლოს, რომ გარემოს მოერგოს. „ნაპოლი“ ჯადოსნურია, განებივრებს და მაღლა აყავხარ. იდეალურია მისნაირი ფეხბურთელებისთვის“, - თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ „დინამო ბათუმთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ზაფხულში ქართველ ფეხბურთელს სასურველ კლუბში გადასვლაში ხელს არ შეუშლის.

0.112611