კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენას არ გამორიცხავს. ფრანგმა თავდამსხმელმა „ლორიენთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც დუბლი შეასრულა, განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
როგორც მბაპემ აღნიშნა, კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.
„ჯერ არ გადამიწყვეტია ჩემი მომავალი. ამაზე ოჯახთან ერთად ვიფიქრებ. იმდენი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ... როცა არჩევანს გავაკეთებ, რა თქმა უნდა, გაიგებთ. არ მინდა შეცდომები დავუშვა, სწორად უნდა მოვიქცე. რასაკვირველია „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენის შანსი არსებობს“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ კლუბმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, სეზონში 50 მილიონი ევროს ხელფასით, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მადრიდის „რეალი“ სთავაზობს (25 მილიონი წელიწადში).