ჩოგბურთი

1:29 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ალკარასი მაიამის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

ტურნირზე მე-14 ნომრად განთესილმა 18 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა, მაიამის ღია პირველობის ფინალში 7-5, 6-4 მოუგო მერვე ნომრად მოთამაშე ნორვეგიელ კასპერ რუუდს და ATP მასტერს 1000 სერიის პირველ ტიტულს დაეუფლა.

ალკარასი ამ ტურნირის მეცხრე ესპანელი ფინალისტი და პირველი გამარჯვებულია. ესპანელთაგან ამ ტურნირზე გამარჯვება, თვით რაფაელ ნადალსაც კი არ აქვს, ვის ანგარიშზეც, დიდი სლემის 21 ტიტულია.

„ჩემი გრძნობების გამოსახატად სიტყვები არ მყოფნის. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს განსაკუთრებული რამაა, როცა მაიამიში მასტერს 1000-ის ტურნირს იგებ“, - განაცხადა ალკარასმა, ვინც მაიამის ღია პირველობის 37-წლიან ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის სტატუსი, ნოვაკ ჯოკოვიჩს ჩამოართვა.

ფინალში თავიდან რუუდი დაწინაურდა, მაგრამ 1-4-ზე ალკარასმა შეძლო თამაშის შემობრუნება და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მესამე სეტ პოინტი ქულად აქცია და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტში ესპანელმა ზედიზედ ორი ბრეიკი მოახერხა და პირველი სამი გეიმი მოიგო. რუუდმა ერთი ბრეიკის გაქვითვა შეძლო, მაგრამ მეტი არაფერი გამოუვიდა და მეტოქის ზეწოლის საპასუხოდ, არსენალში ბევრი არაფერი აღმოაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ალკარასის მსგავსად, რუუდისთვისაც ეს მასტერს 1000-ის პირველი ფინალი იყო.

0.147497