„მზის სხივის დუბლი“ - ასე ეძახიან მასტერსის ზედიზედ ორ ტურნირზე, ინდიან ველსსა და მაიამის ღიაზე გამარჯვებას და ეს დუბლი დღეს პოლონელმა იგა სვიატეკმა შეასრულა. მაიამის ჰარდ როკ არენზე, ფინალში მან იაპონელ ნაომი ოსაკას 6-4, 6-0 მოუგო და ახალი კვირიდან, ქალთა რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდება.
ამგვარად, 20 წლის პოლონლი გახდა სულ მეოთხე ჩოგბურთელი, ვინც ეს ორი დიდი ტურნირი მიყოლებით მოიგო. აქამდე მსგავსი მიღწევა მხოლოდ გერმანელ შტეფი გრაფს (1994 და 1996 წლებში), ბელგიელ კიმ კლაისტერსს (2005) და ბელარუს ვიქტორია აზარენკას (2016) ჰქონდათ. მასტერსის ზედიზედ ორი ტურნირის მოგება დიდი მიღწევაა, სვიატეკს კი უკვე ზედიზედ სამი ასეთი ტურნირი აქვს მოგებული - ინდიან ველსამდე დოჰაში გაიმარჯვა. და ამ სამ ტურნირზე ჯამში 17 შეხვედრა მოიგო.
24 წლის ოსაკამ მწარე მარცხი კი იწვნია, მაგრამ ფლორიდულ ტურნირზე გამოჩნდა, რომ ია კარგ ფორმაში იმყოფება. ყოველ შემთხვევაში, ავსტრალიის ღიას შარშანდელი ფინალის შემდეგ, მაიამის ღია პირველი ტურნირია, რომლის ფინალშიც ითამაშა.
აქამდე ეს ორი ჩოგბურთელი მხოლოდ ერთხელ შეხვედრია ერთმანეთს. ეს 2019 წელს მოხდა და მაშინ ოსაკამ 18 წლის პოლონელს აჯობა.
ოსაკას ამ ტურნირზე საუკეთესო მოწოდება ჰქონდა - ნახევარფინალში ბელინდა ბენჩიჩთან შეხვედრაში 18 ეისი მოაწოდა. მაგრამ ამჯერად მეტოქედ ჰყავდა ჩოგბურთელი, ვინც საუკეთესო მიღება-დაბრუნებით გამოირჩევა. სვიატეკმა პირველ ბრეიკს მეხუთე გეიმშივე მიაღწია. ოსაკამ სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეტოქე უფრო სტაბილური აღმოჩნდა.
სვიატეკმა მეორე სეტი ბრეიკით დაიწყო და სწორედ ეს აღმოჩნდა გარდატეხის მომენტი. მის მრავალფეროვან და ცვალებადი ტემპით თამაშს, იაპონელმა ვერაფერი დაუპირისპირა და სეტი მშრალად დათმო. სვიატეკმა, ვინც საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონია, კარიერაში მეექვსე ტურნირი მოიგო.