ირანისა და ლიბანის მატჩზე, ქალაქ მეშჰედში 2 ათასამდე ქალი სტადიონზე არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბილეთები ჰქონდათ. აღნიშნულ ფაქტს ფიფა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
„ფიფამ შეიტყო, რომ გუშინ მეშჰედის სტადიონზე ქალები არ დაუშვეს და ირანის ფეხბურთის ფედერაციას ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ. ფიფას პოზიცია ირანში ფეხბურთის მატჩებზე ქალების დასწრებასთან დაკავშირებით ნათელია: მიღწეულია ისტორიული პროგრესი, რაც აისახა 2019 წლის ოქტომბერში, როდესაც სტადიონზე ათასობით ქალი დაუშვეს პირველად 40 წლის განმავლობაში და ცოტა ხნის წინ იანვარში იგივე მოხდა. ფიფა ელის, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება, რადგან უკან დაბრუნების დრო არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უცხოური მედია წერს, ირანის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთა ნაკლებ სავარაუდოა. მანამდე ისიც დაწერა, რომ თუ ირანი მუნდიალიდან გაირიცხებოდა, მის ადგილს იტალია დაიკავებდა, როგორც რეიტინგის საუკეთესო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენილთაგან.