ჭიდაობა

22:07 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონია!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ზურაბ იაკობიშვილი ოქროს მედალს დაეუფლა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბექა ბუჯიაშვილმა და ვლადიმერ გამყრელიძემ.

70 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობიშვილმა შვეიცარიელი მარც დიტშჩე 5:1 დაამარცხა, რასაც ბულგარელ რამაზან რამაზანოვთან გამარჯვება მიაყოლა (12:2), ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ზირადინ ბაირამოვს 4:3 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც სომეხ არმან ანდრეასიანს გაეჯიბრა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა.

57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მეოთხედფინალში რუმინელ რაზვან კოვაჩს დაუპირისპირდა და 10:0 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ალიაბას რზაზადესთან ასევე 0:10 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, სადაც ბულგარელ მიკაი ნაიმთან 11:0 მოიგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

79 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალამდე მივიდა ვლადიმერ გამყრელიძე, რომელმაც უნგრელი ჩსაბა ვიდა (9:8) და რუმინელი იაკუბ შიხჯამალოვი 7:5 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ აშრაფ აშიროვთან 7:13 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის მოუწია ხალიჩაზე გასვლა. მან მედლისთვის ბრძოლაში სომეხი არმან ავაღიანი 9:7 დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა.

97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა ელიზბარ ოდიკაძეს, რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვთან (7:14), მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა და ელიზბარი რეპეშაჟში გადავიდა და რეპეშაჟის პირველ წრეში ლიეტუველ ლუკას კრაუსკასს 10:0 მოუგო, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკისთან 2:4 წააგო და უმედლოდ დარჩა.

2.586301