ფეხბურთი

17:50 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმსიტი: "საქართველო თავს კარგად იცავს, მაგრამ განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე ესპანეთთან იყო"

ბერგამოს „ატალანტასა“ და ალბანეთის ნაკრების მცველმა ბერატ ჯიმსიტიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ალბანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ესპანეთისგან განსხვავებული თამაში იქნება და მისი გუნდი უფრო მეტ საგოლე შანსს მიიღებს, რადგან საქართველო ტექნიკურად ესპანეთის დონის გუნდი არაა.

„ესპანეთთან ბოლოს გოლი უფრო კონცენტრაციის დაკარგვის გამო გავუშვით, ვიდრე დაღლილობის. მატჩის შემდეგ ყველა ნერვიულობდა, გასახდელში მოწყენილები ვიყავით, უნდა გავაცნობიეროთ, რომ განსაკუთრებით ისეთი ძლიერი მეტოქე, როგორიც ესპანეთია, ერთ შეცდომასაც გამოიყენებს. გასახდელში ყველა დარდობდა, რადგან ფრე ჩვენთვის ისტორიული შედეგი იქნებოდა. ახლა შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ. მეორე დღეს ყველაფერს სხვაგვარად უყურებ, შეცდომებს უკეთ აცნობიერებ. მჯერა, რომ მოედანზე ვინც გადის, ყველა მაქსიმუმზე ფიქრობს, არ მჯერა, რომ ვინც მოედანზე გადის, ფიქრობს, რომ 0:4-ს წააგებს.

ესპანეთთან მატჩში გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დავიხარჯეთ. ჩემი აზრით, საქართველოსთან განსხვავებული თამაში იქნება, რადგან ტექნიკური ხარისხი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც ესპანეთს აქვს. თუმცა, ეს გუნდი ბევრს დარბის და თავს კარგად იცავს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი საგოლე მომენტი გვექნება, ვიდრე ესპანეთთან გვქონდა“, - თქვა ჯიმსიტიმ.

ალბანეთის ნაკრებმა ორი დღის წინ სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან ითამაშა და 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გოლი მირტო უზუნიმ გაიტანა, რომელიც ხვალ არ ითამაშებს. ალბანეთისა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ზედიზედ ოთხი თამაში აქვს მოგებული, ალბანეთთან ისტორიაში 13-ჯერ უთამაშია, საიდანაც 7 გამარჯვება მოიპოვა, 3-ჯერ დამარცხდა და 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126893