საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში 179.42 ქულა დააგროვა და კონკრეტულ დისციპლინაში მეხუთე პოზიცია ერგო, მაგრამ ამ შედეგს მოკლე პროგრამის ქულებიც დაემატა (92.61). შედეგად, ყვითელაშვილს ჯამში 272.03 ქულა დაუგროვდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
მორისს მხოლოდ ორმა იაპონელმა და ამერიკელმა მოციგურავემ გაუსწრეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყვითელაშვილისთვის აქამდე საუკეთესო შედეგი მე-13 პოზიცია იყო.
აქვე გეტყვით, რომ მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო წყვილებში კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილს ასევე მეექვსე პოზიცია ერგო. მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 27 მარტს, ყინულზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი გავა.