ევროთასის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საბერძნეთში „პრომითეასს“ ესტუმრა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ავარჯიშებს.
იტალიელებმა საკმაოდ ადვილად, 83:61 მოიგეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ბოლონიელებმა განსაკუთრებით კარგად მესამე პერიოდი ჩაატარეს, რომელშიც მეტოქეს 32:14 აჯობეს და გამარჯვებაც არ გასჭირვებიათ.
თორნიკე შენგელიამ აღნიშნულ შეხვედრაში მხოლოდ 14:29 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 2 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
„ვირტუს ბოლონია“ ევროთასის B ჯგუფში 9 მოგებით და 7 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 მარტს ესპანურ „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.