ფეხბურთი

0:33 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა მზადება სარაევოში 22 ფეხბურთელით დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სარაევოში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდი პირველ ვარჯიშს 22 მარტს გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის საფეხბურთო კლუბ სარაევოს საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება.

ამ ეტაპზე ბოსნია-ჰერცეგოვინაში ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული შემადგენლობის 22 ფეხბურთელი უკვე ჩავიდა. სამხრეთ კორეული "ულსან ჰიუნდაის" ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი საწვრთნელ პროცესში 23 მარტიდან ჩაერთვება.

2022 წლის მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში ერთი დებიუტანტია გამოძახებული. "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველი ვარჯიშისთვის ემზადება.

ანზორ მექვაბიშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): "ახალ გარემოში ყოველთვის არის მღელვარების ფონი, ყოველთვის ვფიქრობდი და მინდოდა, რომ ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი. ახლა მივიღე შანსი და უკვე სავარჯიშო პროცესს ვიწყებთ.

ნაკრებში გამოძახება ნაწილობრივ მოულოდნელობა იყო, ეს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებააა და მადლობა მას ნდობის გამოცხადებისთვის.

ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები მშობლები არიან, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათ შევატყობინე ნაკრებში გამოძახება. ბავშვობიდან ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად ვთამაშობდი და ყოველთვის სასიამოვნო იყო მათი წარმატება. მიხარია, რომ ახლა უკვე სანაკრებო გარემოში შევხვდით ერთმანეთს.

ნებისმიერ თამაშს თავისი დატვირთვა აქვს. რა თქმა უნდა, გუნდი ივნისის მატჩებისთვის ემზადება, ამიტომ მარტის თამაშები ყველასთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, როდესაც სანაკრებო მატჩია, ვფიქრობ არ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ამხანაგური და ოფიციალური შეხვედრები. ნაკრებში მეგობრული გარემოა, ფეხბურთელების უმრავლესობას ვიცნობდი და მიხარია, რომ ახლა აქ ვარ".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში), საბა კვერკველია (მეტალისტი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი ტულა), ვაკო გვილია (რაკუვი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი)

თავდამსხმელები: დავით ვოლკოვი (ზირა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსანი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

25 მარტი - 23:45 ბოსნია/ჰერცეგოვინა - საქართველო

29 მარტი - 20:00 ალბანეთი - საქართველო

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103045