"ბარსელონას" თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მადრიდის „რეალთან“ მოგებულ მატჩში (4:0) დიდებულად ითამაშა, დუბლი შეასრულა, საგოლე პასი გააკეთა და ორი რეკორდიც დაამყარა.
32 წლის გაბონელმა „სამეფო კლუბს“ ბოლო ხუთ შეხვედრაში გაუტანა, ჯამში 7 გოლი და 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „რეალის“ წინააღმდეგ ზედიზედ ხუთ თამაშში შეძლო თავის გამოჩენა (მანამდე 4 მატჩში 5 გოლი "დორტმუნდის" მაისურით გაუტანა).
გარდა ამისა, ობამეიანგი „ბარსელონას“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო „ელ კლასიკოში“ სამ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა - 2 გოლი და 1 საგოლე პასი.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ობამეიანგი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 31 იანვარს დაიმატა. ის ესპანურ კლუბს ბრწყინვალედ მოერგო და ლა ლიგის 7 მატჩში თავი 7-ჯერ გამოიჩინა, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში კი 9 გოლის გატანა მოახერხა.