რაგბი

10:25 | 21.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ხშირი იყო დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც საწყენია"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ესპანეთთან მატჩის (49:15) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა განაცხადა, კრიტიკა მათ გარკვეულწილად მოტივაციას აძლევთ, მაგრამ დაუსაბუთებელი განცხადებები საწყენია.

"ფინალი ყოველთვის განსხვავებული თამაშია და რთული შეხვედრა რომ გველოდა თავიდანვე ვიცოდით. გარდა ამისა, წელს ესპანეთი სხვა გუნდებთან შედარებით აშკარა ფავორიტი იყო. თამაშის გარდასატეხად ორივე ტაიმში დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა.

კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან კარგია და ხშირ შემთხვევაში, ეს გარკვეულწილად მოტივაციასაც გვაძლევს, თუმცა ხშირი იყო დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც საწყენია. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ჩვენ გვექნება რთული თამაშები, რადგან ყველა ისე გვიყურებს, როგორც ფავორიტს და ცდილობენ მაქსიმალურად კარგად ითამაშონ. გარდა ამისა, ყველა გუნდმა თაობათა ცვლის პროცესი 4-5 წლის წინ გაიარა და ტურნირს კარგად მომზადებულები შეხვდნენ, ჩვენ კი ამ პროცესს ახლა გავდივართ.

არის კიდევ ერთი მომენტი – ყოველთვის გვიჭირს ტურნირის დაწყება, რადგან მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს და სანამ გუნდი აეწყობა, არის პრობლემები. თუ გავიხსენებთ პირველ თამაშს, მთელი კვირა ფორს-მაჟორში გავიარეთ. გუნდის 40%-ს, მწვრთნელიან მოთამაშეებიანად ომიკრონი შეხვდა და აბსოლიტურად მოუმზადებლები ვიყავით. მეორე თამაში კარგად ჩავატარეთ, რუმინეთთან სტუმრად თამაში კი მარტივი არასდროსაა. ბუქარესტში მოვიგეთ, მაგრამ ისეთი კრიტიკა მივიღეთ, მე და „ბუკა“ ერთმანეთს ვეკითხებოდით, ხომ არ წავაგეთთქო. დიახ, ესპანეთთან საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. დრო გვჭირდება სტაბილურობის მისაღწევად.

ბოლო წლებში მსოფლიო რაგბმა წესებში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომ შერკინებაში ერთპიროვნული დომინაცია ნებისმიერ გუნდს უჭირს. დინამიკა, ცვლილებები, ყველაფერი იქეთ მიდის, რომ აუცილებელი იყო ჩვენი თამაშის სტილის შეცვლა. გარდა ამისა, გუნდი დატოვა არაერთმა ძალიან ძლიერმა მორკინალმა, რომელთა ჩანაცვლება ასე მარტივი არ არის. ლოგიკურია, რომ ასეთ სიტუაციაში თამაშის სტილის შეცვლაზე უნდა გვეფიქრა. არის კიდევ ერთი მომენტი. ყველა გუნდი, ვინც ჩვენთან სათამაშოდ ემზადება, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შერკინებაში თამაშს. ისედაც საჭირო იყო ბალანსი შერკინებასა და ხაზის თამაშში და ამ ყველაფერმა ეს კიდევ უფრო დააჩქარა. აქ თავისი წვლილი მიუძღვის ‘შავ ლომს’, სადაც ხაზის მოთამაშეების 80% გვყავს, მათთან მთელი წლის განმავლობაში მიდის მუშაობა და ეს დაგვეტყო როგორც ნოემბრის ტესტებზე, ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ვაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით პრობლემები კიდევ უფრო შევამციროთ", - თქვა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 49:15 დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდა. "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მანამდეც მოპოვებული ჰქონდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116651