გოგა ბითაძემ ისევ „ინდიანა პეისერსის“ სასტარტო ხუთეულში ითამაშა, ამჯერად „პორტლენდთან“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა ძალიან იოლად, 129:98 მოიგო. სხვათა შორის, ინდიანაპოლისელებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს.
ბითაძემ 23:48 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 12 ქულით, 2 მოხსნით და 3 პასით დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. იმ წუთებში, როცა გოგა მოედანზე იყო, „პეისერსს“ მეტოქესთან +17 დაუფიქსირდა.
„ინდიანაში“ საუკეთესო ოშეი ბრისეტი იყო, რომელმაც 24 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, „პორტლენდს“ ჯოშ ჰარტმა 26 ქულით ულიდერა, მაგრამ მისი გარჯა წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
„ინდიანა პეისერსი“ 25 მოგებით და 47 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 24 მარტს, შინ „საკრამენტოსთან“ ჩაატარებს.