ფეხბურთი

2:16 | 16.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" და "აიაქსი" გავარდნენ: "ატლეტიკო" და "ბენფიკა" მეოთხედფინალში ითამაშებენ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობნენ, შესაბამისად, მეოთხედფინალში „ბენფიკა“ და „ატლეტიკო“ ითამაშებენ.

არადა, პირველი მატჩების შემდეგ, თითქოს წყვილში ფავორიტები ინგლისური და ნიდერლანდური გუნდები იყვნენ, რადგან სტუმრად სასურველ შედეგს (ფრე) მიაღწიეს. თუმცა, ეს არის პირველი სეზონი, როდესაც სტუმრად გატანილი გოლის უპირატესი წესი აღარ მოქმედებს და შესაძლოა, საგარეო ფრეს ძველებურად დიდი დატვირთვა აღარც ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ „მანჩესტერმაც“ და „აიაქსმაც“ შინ წააგეს.

„ოლდ ტრაფორდზე“ „ატლეტიკო“ უშანსოდ რომ არ იქნებოდა, ეს ნათელი გახლდათ. რალფ რანგნიკის გუნდს უამრავი პრობლემა აქვს და მადრიდშიც მარცხს ბეწვზე გადაურჩა. თუმცა, ვერ გადაურჩა საკუთარ კედლებში. მატჩის ბედი პირველ ტაიმში რენან ლოდის გოლმა გადაწყვიტა. უნდა ითქვას, რომ ინგლისური გრანდი ჩემპიონთა ლიგას ისე გამოეთიშა, რომ „ატლეტიკოს“ ძლიერი დაცვის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

შესანიშნავი იყო „ბენფიკა“ ამსტერდამში, რომელმაც დაცვაში ასევე უშეცდომოდ ითამაშა. არადა, „აიაქსს“ საოცარი სეზონი აქვს, გოლს გოლზე იტანს და ჯგუფურ ეტაპზეც ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენა! საფუძვლიანად, ნიდერლანდური გრანდი წყვილში ფავორიტი იყო და მით უფრო ლისაბონური 2:2-ის შემდეგ. თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა. 77-ე წუთზე დარვინ ნუნიესმა გაიტანა და ყველაფერი გადაწყვიტა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგას უკვე ექვსი მეოთხედფინალისტი ჰყავს - „ატლეტიკო“, „ბენფიკა“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „ბაიერნი“, „რეალი“, ხოლო ბოლო ორი დღეს გაირკვევა, როცა „იუვენტუსი“ – „ვილიარეალს“ და „ლილი“ – „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

„აიაქსი“ – „ბენფიკა“ 0:1 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 2:3

ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, ტიმბერი (კუდუსი 90), მარტინესი, ბლინდი; ალვარესი (ბრობი 82), ბერგუისი (კლაასენი 82), გრავენბერხი; ანტონი, ალე, ტადიჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლახოდიმოსი; ჟილბერტო (ლაზარო 90), ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო; ევერტონი (იარემჩუკი 72), ვაიგლი, ტაარაბტი; სილვა, ნუნიესი (გონსალვეში 81), რამოსი (ბერნარდო 90)

მწვრთნელი: ნელსონ ვერისიმო

გოლი: 0:1 ნუნიესი (77)

გაფრთხილება: ტიმბერი (83), ბლინდი (90), გრავენბერხი (90) - რამოსი (67)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (2) – 4 (1) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდე (ესპანეთი)

„მანჩესტერი“ – „ატლეტიკო“ 0:1 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 1:2

მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“

„მანჩესტერი“ (4-2-3-1): დე ხეა; დალო, ვარანი, მაგუაირი (მატა 84), ტელეში; მაკტომინეი (მატიჩი 67), ფრედი (კავანი 75); სანჩო, ბრუნო ფერნანდეში (პოგბა 67), ელანგა (რაშფორდი 67); რონალდუ

მწვრთნელი: რალფ რანგნიკი

„ატლეტიკო“ (5-3-2): ობლაკი; ლორენტე, ხიმენესი, სავიჩი, მანდავა, რენან ლოდი; დე პაული, ერერა, კოკე (კონდოგბია 80); ჟოაო ფელიქსი (ფელიპე 90), გრიზმანი (კორეა 90)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 0:1 რენან ლოდი (41)

გაფრთხილება: მატიჩი (81), დალო (87) - დე პაული (43), ერერა (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 9 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122411