სლოვენიელი ტადეი პოგაჩარის გამარჯვებით დასრულდა 7-დღიანი პოპულარული ველორბოლა ტირენო-ადრიატიკო, რომელიც ასევე ორი ზღვის რბოლის სახელითაც არის ცნობილი. პოგაჩარმა ბოლო, სპრინტერული ეტაპი პელოტონთან ერთად დაასრულა, რაც საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ბოლო ეტაპს სპრინტერული ფინიში ჰქონდა და ის „ბაჰრეინ ვიქტორიოუსის“ გერმანელი ფილ ბაუჰაუსის გამარჯვებით დასრულდა. პოგაჩარმა (UAE ტიმ) ბოლოსწინა ეტაპის მოგებით გაინაღდა გამარჯვება და ამავე რბოლაში, შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა.
ჩემპიონს წუთით და 52 წამით ჩამორჩა მეორეზე გასული დანიელი იონას ვინგეგაარდი (ჯუმბო-ვისმა), მესამე ადგილი კი „ინეოსის“ ავსტრალიელმა ვეტერანმა რიჩი პორტემ დაიკავა.
23 წლის პოგაჩარისთვის, ვინც ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონია, ეს ამ სეზონში მოგებული მესამე რბოლაა. ტირენო ადრიატიკომდე მან გაერთიანებული არაბული საემიროების ტურზე და ერთდღიან კლასიკურ სტრადე ბიანკეზე გაიმარჯვა.
„ბოლო ეტაპით ვისიამოვნე, მაგრამ ფინიშამდე ყურადღებით ვიყავი, რადგან არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს. გამარჯვებას მანამ ვერ მოიპოვებ, სანამ ფინიშის ხაზს გადაკვეთავ. ძალიან გახარებული ვარ. ყოველი გამარჯვება სასიხარულოა. ვნახოთ, რა იქნება მომდევნო რბოლებში“, - განცხადა პოგაჩარმა.