ინდიან ველსს მსოფლიოს პირველი ჩოგანი - დანიილ მედვედევი გამოეთიშა. მასტერს 1000-ის ტურნირის მესამე წრეში, ის ფრანგმა გაელ მონფილსმა 4-6, 6-3, 6-1 დაამარცხა და მეოთხე წრეში გავიდა.
„ძალიან მიხარია, ახლა ჩემს ზონაში ვარ. საკმაოდ კარგად ვმოძრაობდი, თან თამაშის სიჩქარეს ხშირად ვცვლიდი“, - ყვება გამარჯვებული, ვინც გამარჯვება მეექვსე მატჩ პოინტის მოგებით მოიპოვა. მისი მომდევნო მეტოქეა ესპანელი თინეიჯერი კარლოს ალკარასი.
პირველი სეტის მეცხრე გეიმში მედვედევმა ბრეიკს მიაღწია, რაშიც მას მეტოქე ორი ორმაგი შეცდომით და ორიც არაზუსტად შესრულებული წაღმა დარტყმით დაეხმარა. აშშ-ის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა პირველ სეტში, თავის მოწოდებაზე მხოლოდ ოთხი ქულა დათმო და სეტებში 1-0 დაწინაურდა.
მაგრამ მეორე სეტიდან სიტუაცია შეიცვალა. რუსმა ექვსიდან მხოლოდ ერთი ბრეიკ პოინტის გამოყენება შეძლო და რაც მთავარია, თავის მოწოდებაზე ვეღარ იყო ეფექტური. მონფილსმა მეოთხე და მერვე გეიმებში შეძლო მეტოქის მოწოდბის აღება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
ფრანგმა გადამწყვეტი სეტი ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაიწყო. მედვედვს ერთხელ შეეძლო მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგება, მაგრამ ერთადერთი ბრეიკ პოინტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, 35 წლის მონფილსმა თავის 13-წლიან კარიერაში პირველად შეძლო რეიტინგის სათავეში მყოფი ჩოგბურთელის დამარცხება.