ფეხბურთი

22:12 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სილესენი გამოჯანმრთელდა, მისი მიზანი ძირითადში დაბრუნებაა, თუმცა მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ

ესპანური „ვალენსიას“ მეკარე იასპერ სილესენი გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა. ნიდერლანდელმა მეკარემ ტრავმა ჯერ კიდევ იანვარში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია, ხოლო ზუსტად ერთი თვის წინ თრომბის გამო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც As-ი იტყობინება, სილესენის მიზანია, რომ „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში სანაკრებო შესვენების შემდეგ „კადისთან“ მატჩში დაბრუნდეს, რათა 23 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალს კარგ ფორმაში შეხვდეს.

საბოლოო არჩევანი ცხადია, ხოსე ბორდალასზე იქნება, რომელიც სილესენის არყოფნაში არჩევანს გიორგი მამარდაშვილზე აჩერებდა. ქართველმა მეკარემ ბოლო სამ თამაშში გოლი არ გაუშვა და ეს ცხადია, მის სასარგებლოდ მეტყველებს. „ღამურები“ უახლოეს მატჩს 19 მარტს, „ელჩესთან“ გამართავენ და ქართველი ისევ სასტარტოში იქნება, მერე სანაკრებო პაუზა დაისადგურებს და აპრილის დასაწყისში მამარდაშვილსა და სილესენს შორის კონკურენცია განახლდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და ექვსჯერ გოლი არ გაუშვა, რაც კლუბში საუკეთესო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106563