იანვრის მიწურულს „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს და ალექსანდერ ბლესინი დანიშნეს.
გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ჯენოამ“ სერია A-ში უკვე 7 მატჩი ჩაატარა და გამარჯვება არ მოუპოვებია, თუმცა, საინტერესო ის არის, რომ არც დამარცხებულა: 7 მატჩ და 7 ფრე!
უცნაური სტატისტიკაა. გენუელებმა ბლესინის ხელმძღვანელობით მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს, მაგრამ ასევე 2 გაიტანეს და 7-დან 5 მატჩი უგოლოდ დასრულდა. „უდინეზესთან“, „რომასთან“, „ინტერთან“, „ემპოლისთან“ და „ატალანტასთან“ 0:0, „სალერნიტანასთან“ და „ვენეციასთან“ 1:1 - ასეთია ბლესინის „ჯენოას“ შედეგები.
მართალია, „ჯენოა“ არ აგებს, მაგრამ სერია B-სთან ძალიან ახლოსაა, რადგან 29 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-19 ადგილზე უიმედოდაა. სხვათა შორის, გენუურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში განვლილ 29 ტურში ერთადერთი თამაში მოიგო, თუმცა ეს იყო გასული წლის 12 სექტემბერს, სტუმრად „კალიარისთან“ (3:2). მას შემდეგ 26 მატჩში გამარჯვება არ მოუპოვებია.