სხვა

2:49 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბოლოსწინა სლალომი ავსტრიელმა ლინსბერგერმა მოიგო

უჩვეულო შედეგით დასრულდა შვედეთის არეში გამართული სლალომის რბოლა - მის კვარცხლბეკზე ასვლა ვერც ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა შეძლო და ვერც სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ, რომლებიც ბროლის დიდი გლობუსისთვის იბრძვიან. ასეთი რამ, ბოლო ექვს სეზონში პირველად მოხდა.

ამის მიუხედავად, ვლჰოვამ, ვინც აბსოლუტურ ჩათვლაში მსოფლიო თასის ახლანდელი მფლობელია, შიფრინთან ჩამორჩენა ისევ შეამცირა. გამარჯვება კი სლალომში მსოფლიო ჩემპიონმა, ავსტრიელმა კატარინა ლინსბერგერმა მოიპოვა, ვინც ორი ცდის ჯამში, მხოლოდ 0.16 წამით აჯობა მეორეზე გასულ ნორვეგიელ მინა ფუერსტ ჰოლტმანს. მესამეზე კი შვეიცარიელი მიშელ ჟისენი გავიდა.

ვლჰოვა პირველი ცდის შემდეგ მეორე შედეგით იყო შიფრინთან 77-ქულიანი ჩამორჩენის მინიმუმზე დაყვანის შანსი ჰქონდა. მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. ამ სეზონში მან პირველად ვერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. შიფრინს პირველ ცდაზე მეოთხე საუკეთესო დრო ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, მეცხრე ადგილზე გავიდა. სლალომში ასეთი ცუდი შედეგი მას 2014 წლის შემდეგ არ ჰქონია.

ამ რბოლის შემდეგ, ვლჰოვამ აბსოლუტურ ჩათვლაში, შიფრინთან ჩამორჩენა 21 ქულით შეკვეცა.

სლოვენიის კრანისკა გორაში კი, მამაკაცთა შორის, გიგანტური სლალომის ორი რბოლა გაიმართა, რომლებიც მეორე და მესამე ადგილზე დაასრულა შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა, ვინც ბროლის დიდი გლობუსი პრაქტიკულად გაინაღდა.

24 წლის ოდერმატი კურშეველის (საფრანგეთი) ფინალური რბოლების წინ, 329 ქულას უგებს ნორვეგიელ ალეკსანდერ ომოდტ კილდეს, ვინც კრანისკა გორაში ორივე რბოლა გამოტოვა.

ომოდტ კილდემ ტექნიკური დისციპლინის რბოლები იმისთვის გამოტოვა, რომ ყურადღება ჩქაროსნულ ორ რბოლაზე გადაეტანა. იმისთვის, რომ მას ტრიუმფის შანსი გაუჩნდეს, ოდერმატმა დარჩენილ ოთხ რბოლაში, ვერცერთი ვერ უნდა დაასრულოს მე-15 ადგილზე მაღლა. ამ შემთხვევაშიც, ნორვეგიელს დიდი გლობუსის მოსაპოვებლად, მინიმუმ ერთი მოგება და სამი მეორე ადგილი დასჭირდება. თუმცა დიდი ალბათობით, კურშეველში სლალომს გამოტოვებს და მხოლოდ სამ რბოლაში (დაშვება, სუპერ გიგანტი და გიგანტური სლალომი) იასპარეზებს.

0.118859