რაგბი

21:25 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და ცნობილია ჯგუფი, რომელშიც მსოფლიო თასზე ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის მორიგ ტურში სტუმრად რუმინეთის ნაკრები 26:23 დაამარცხა და ტურნირზე პირველი ადგილი გაინაღდა.

„ბორჯღალოსნებმა“ 2023 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაინაღდეს, მას შემდეგ, რაც რუსეთთან ტექნიკური მოგება ჩაეთვალათ, ხოლო რუმინელთა ძლევით ჯგუფში პირველი ადგილის ბედიც გადაწყვიტა.

ლევან მაისაშვილის გუნდმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება ოთხჯერ მოახერხა. ლელოები ვასილ ლობჟანიძემ, მერაბ შარიქაძემ, სანდრო თოდუამ და აკა ტაბუცაძემ მიითვალეს. აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ნაკრებს თამაშის გადარჩენის შანსი ბოლო წუთამდე ჰქონდა, მაგრამ მაგრამ საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მოიგო. თუმცა, თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებდა და მაისაშვილის გუნდს უამრავი ხარვეზი ჰქონდა. ზოგადად, ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების თამაშში პრობლემები აშკარად ჩანს და პროგრესის ნიშანწყალი ფაქტობრივად არ არსებობს.

“ბორჯღალოსნებმა“ ამ გამარჯვებით პირველი ადგილი გაინაღდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო თასზე C ჯგუფში, უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის გამარჯვებულთან ერთად ითამაშებს. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს. „ბორჯღალოსნები“ 2023 წლის 9 სექტემბერს, ავსტრალიას, 30 სექტემბერს ფიჯის, 7 ოქტომბერს უელსს დაუპირისპირდება, ხოლო 23 სექტემბერს გასამართ შეხვედრაში მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ბოლო ტურში 20 მარტს, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

რუმინეთი - საქართველო 23:26 (13:21)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.149864