ფეხბურთი

14:21 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალთან" მატჩის მერე ალ-ხელაიფი მსაჯებს ეჩხუბა, ნეიმარი და დონარუმა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალთან“ წაგება, როგორც ჩანს ძალიან მძიმედ და მტკივნეულად მიიღეს.

როგორც ცნობილი გახდა, მატჩის შემდეგ პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მსაჯებზე თავდასხმას აპირებდა. სტადიონის გვირაბში ყვიროდა და კარზე ხელებს აბრახუნებდა.

ამის ამსახველი ვიდეო „რეალის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო და ალ-ხელაიფის თავდასხმის ობიექტი ისიც გამხდარა: „მოგკლავ!“ - დაემუქრა პსჟ-ს მფლობელი მადრიდული გუნდის მუშაკს. ალ-ხელაიფი, ისევე, როგორც მაურისიო პოჩეტინო და ლეონარდო, ნიდერლანდელი დანი მაკელიეს მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილო და მიიჩნევდნენ, რომ ჯანლუიჯი დონარუმაზე პირველი გოლის მომენტში კარიმ ბენზემამ თამაშის წესი აშკარად დაარღვია. შესაბამისად, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

„სწორი გადაწყვეტილება არ იყო, VAR-ი უნდა ჩარეულიყო, მაგრამ მე საბაბს არ ვეძებ. ჩვენ ორივე თამაშში ვდომინირებდით და საჭიროა იმის ნახვა, რა გავაკეთეთ, ძალიან მძიმეა ამ მარცხთან შეგუება. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, დონარუმაზე ჯარიმა იყო და მსაჯებმა აშკარა შეცდომა დაუშვეს“, - თქვა ლეონარდომ.

თუმცა, პსჟ-ს ირგვლივ ეს არ არის ერთადერთი სკანდალი. ესპანური Marca იტყობინება, რომ მატჩის მერე გასახდელში ჯანლუიჯი დონარუმამ და ნეიმარმა იჩხუბეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დონარუმა პირველ გოლში დაადანაშაულა, ხოლო იტალიელმა ნეიმარს ბრალი მეორე გოლის დროს ბურთის ძალიან იოლად დაკარგვაში დასდო. წყაროს თანახმად, ფეხბურთელები ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდოდნენ, მაგრამ თანაგუნდელები საქმეში დროულად ჩაერივნენ და ისინი გააშველეს.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენი“ „რეალს“ ორი მატჩის ჯამში 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ 17-წუთიან ინტერვალში კარიმ ბენზემასგან 3 გოლი გაუშვა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.

0.121329