ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში რუსეთთან არ ითამაშებს და ფინალის საგზური პირდაპირ ერგო. გარდა ამისა, უკრაინა-შოტლანდიის მატჩი, ისევე, როგორც ამავე ჯგუფის ფინალი ივნისისთვის გადაიდო.
„3 მარტს, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ წერილი გამოგვიგზავნა და მოითხოვა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის გადადება, ამ სიტუაციაში მათი გუნდისთვის მოგზაურობისა და ვარჯიშის ორგანიზების შეუძლებლობის გამო. უეფასთან და დაინტერესებულ ოთხ ასოციაციასთან კონსულტაციის შემდეგ ერთხმად დავაკმაყოფილეთ ეს თხოვნა სოლიდარობის სულისკვეთებით. შოტლანდია-უკრაინის მატჩი, რომელიც 24 მარტს იყო დაგეგმილი, ივნისისთვის გადაიდო, შესაბამისად, იმავე პერიოდისთვის გადაიდო ამ ჯგუფის ფინალიც, რომლის მეორე მონაწილე უელსი-ავსტრიის წყვილში გამარჯვებული იქნება. ასევე გადაწყდა, რომ უელსი-ავსტრია 24 მარტს გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამაგიეროდ, რუსეთის ნაკრები პლეი-ოფს საბოლოოდ ჩამოაცილეს, რადგან ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფინალში პოლონეთის ნაკრები უთამაშებლად გავიდა:
„გარდა ამისა, ფიფას საორგანიზაციო კომიტეტის ბიურომ გადაწყვიტა, რომ პოლონეთი მიიღებს B ჯგუფის ფინალში მონაწილეობის უფლებას პირდაპირ და იქ შვედეთი-ჩეხეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება“, - წერია ფიფას ვებგვერდზე.