კალათბურთი

21:53 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თორნიკე შენგელია იტალიურ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას „ვირტუს ბოლონიაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ბოლონიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

შენგელიამ ბოლონიელებთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ხანმოკლე ხელშეკრულების მიზეზი ისაა, რომ ქართველ კალათბურთელს მომდევნო სეზონიდან ისევ ევროლიგის ან NBA-ში თამაში სურს, ხოლო იტალიური კლუბი ითამაშებს თუ არა, მომდევნო სეზონში ევროლიგაში, ჯერ ცნობილი არაა.

„სიტყვები არ მყოფნის ჩვენი პრეზიდენტის მასიმო ძანეტისადმი მადლიერების გამოსახატად ამ უახლესი სატრანსფერო ოპერაციებისთვის, რომლითაც შეგვიძლია თორნიკე შენგელიას მსგავსი დიდი მოთამაშის ჩვენს გუნდში მოსვლა დავადასტუროთ. თოკო ჩვენი გუნდის ტექნიკურ ღირებულებებსა და გამოცდილებას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო გაზრდის. კალათბურთელთან მოლაპარაკებები წარმატებით წარმართა ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა პაოლო რონჩიმ. თორნიკეს სხვა წინადადებებიც ჰქონდა, მაგრამ მან გამოავლინა ჩვენს შავ-თეთრ ოჯახში მოსვლის სურვილი და ეს ადასტურებს იმიჯს, რომელსაც „ვირტუსი“ ევროპულ კალათბურთში იძენს“, - თქვა იტალიური კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელია ევროლიგაში საშუალოდ 12.7 ქულას, 4.7 მოხსნას და 2.5 პასს აგროვებდა. ქართველ კალათბურთელს, „ვალენსიაში“, „შარლერუაში“, „პეპინსტერში“, „ბრუკლინ ნეტსში“, „ჩიკაგო ბულსში“, „ბასკონიასა“ და ცსკა-ში უთამაშია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო დატოვა.

„ვირტუს ბოლონიაში“ 2009-2012 წლებში ვიქტორ სანიკიძე თამაშობდა, ხოლო შენგელიამდე ცსკა-დან ხუთი დღის წინ დანიელ ჰაკეტი დაიმატა. გარდა ამისა, გუნდში ისეთი გამოცდილი მოთამაშეები არიან, როგორებიც მარკო ბელინელი და მილოშ ტეოდოსიჩი გახლავთ. „ვირტუსი“ იტალიის სერია A-ში 16 მოგებით და 3 წაგებით მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ოლიმპია მილანოს“ ჩამორჩება, უახლოეს შეხვედრას კი 13 მარტს, თანაქალაქელ „ფორტიტუდოსთან“ გამართავს. აქვე გეტყვით, რომ იტალიური კლუბი ევროლიგაზე არა, მაგრამ ევროთასის გათამაშებაში მონაწილეობს.

შენგელიას ცსკა-დან წასვლა რუსული კლუბის ვებგვერდმაც დაადასტურა, რომელმაც ქართველ კალათბურთელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

„თოკოს გუნდში მოწვევისას, ჩვენ მისი მებრძოლი სული, ქარიზმა და ლიდერის თვისებები გავითვალისწინეთ, რაც გააჩნდა მოედანზე და მოედანს მიღმა. მან სრულად გაამართლა ჩვენი მოლოდინი. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ თორნიკეს ცსკა-ში გადასვლა ძალიან დიდი კრიტიკის ფონზე მოხდა და თოკომ ამ წნეხს გაუძლო. შენგელია მაგალითია ახალგაზრდა თაობისთვის პროფესიონალიზმის, ოჯახის, თანაგუნდელებისა და მეტოქეების მიმართ დამოკიდებულებით. დარწმუნებული ვარ, ასეთ მოთამაშეზე ბევრი კლუბი ოცნებებს და გულწრფელად ვუსურვებ თოკოს ახალ გუნდში წარმატების მიღწევას, ვუსურვებ, რომ გულშემატკივრები ლამაზი მომენტებით გაახაროს“, - თქვა ცსკას პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა.

დიმიტრი იტუდისი (ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი): "მშვენიერი ორი წელი იყო. სამწუხაროდ, გარემოებებმა გვაიძულა თანამშრომლობა ძალიან შეგვეწყვიტა. მას წარმატებებს ვუსურვებ. პრივილეგია იყო თოკოსთან მუშაობა, როგორც კალათბურთელთან და როგორც პიროვნებასთან“.

ცსკა-სთან კონტრაქტის გაწყვეტაზე კომენტარი ქართველმა კალათბურთელმაც გააკეთა:

„მინდა მადლობა გადავუხადო ცსკა-ს გაწეული სამსახურისთვის და ჩემდამი დამოკიდებულებისთვის. ასევე მადლობა ანდრეი ვატუტინსა და ნატალია ფურაევას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დიმიტრი იტუდისს, სამწვრთნელო შტაბს და ყველას კლუბში. სამწუხაროა, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში არჩევანი უნდა გააკეთო და მე გავაკეთე. ახლა ყურადღებას მომავალზე გავამახვილებ. მადლობა ყველას“, - ციტირებს ცსკა-ს ვებგვერდი შენგელიას სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116144