ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და იტალიელებს მიმართა. მან საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა და იტალიელებს მოუწოდა, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმარონ, რადგან ეს ძალიან სჭირდებათ.
„ბევრი ნათესავი მყავს იქ (უკრაინაში), მათ ყოველდღე ვესაუბრები, მაგრამ ძალიან მაწუხებს მათი არჩევანი, რომ დარჩენა გადაწყვიტეს. მიყვებიან რაც ხდება, ქალაქებს ბომბავენ, ბავშვებს და მოხუცებს კლავენ, ვისაც გაქცევა არ შეუძლია. ეს კოშმარია, საიდანაც გაღვიძებას ვისურვებდი. უკრაინას სურს ევროპის ნაწილი იყო, ეს ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებაა. ზელენსკი შესანიშნავი პრეზიდენტია, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის წინ მიგვიძღვის.
იტალიამ თავიდანვე თავი ერთ-ერთ თქვენგანად მაგრძნობინა, ეს ჩემი მეორე სამშობლოა. გაუხსენით გული ხალხს და ჩემს ხალხს, ბავშვებს, მოხუცებს, რომლებსაც თქვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. მშვიდობა გვჭირდება, იარაღის გამოყენება უნდა შეჩერდეს, ყველაფერი დიპლომატიურად უნდა გადაწყდეს“, - თქვა შევჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და 11 დღეა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებს ბომბავს.