ფორმულა 1-ის სათავეში ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მყოფი ბერნი ეკლსტოუნი, მისივე ხისტი განცხადებებით დაპირისპირების ცენტრში ხშირად ხვდებოდა. მან ეს ჩვევა 91 წლის ასაკშიც ვერ დაივიწყა და ამჯერად მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წავიდა. სამაგიეროდ ასიამოვნა მის მეგობარ - ვლადიმირ პუტინს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ეკლსტოუნმა გააკეთა გარკვეული განცხადებები ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ. ზუსტად მაშინ, როდესაც რუსეთის სასტიკი მოპყრობა უკრაინისადმი მთელმა მსოფლიომ და მათ შორის წამყვანმა სპორტულმა ორგანიზაციებმა დაგმეს.
ეკლსტოუნსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული იყო, რაც მას შემდეგ გაძლიერდა, როდესაც 2014 წელს სოჭში ფორმულა 1-ის პირველი ეტაპი ჩატარდა.
წლების წინ ბერნი ამტკიცებდა, რომ პუტინი იქნებოდა დიდი ლიდერი ევროპაში. უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგაც კი, ბრიტანელმა ბიზნესმენმა გამოხატა პატივისცემა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ:
„როგორც პიროვნება, მე ის ძალიან ღირსეულად დამხვდა. პუტინმა ზუსტად ის გააკეთა, რაც თქვა. რაც შეეხება არსებულ ვითარებას და უკრაინაზე თავდასხმას, გარემოებები იცვლება".
ეკლსტონმა თავისი მოსაზრება სოჭის 2022 წლის გრან-პრისთან დაკავშირებითაც გამოთქვა, რომელიც ამჟამად შეჩერებულია.
"ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია რუსეთსა და უკრაინას შორის. გადაწყვეტილება იმის შესახებ, ჩატარდეს თუ არა ღონისძიება, არის მთელი FIA-ს და ფორმულა 1-ის ჯგუფის გადასაწყვეტი. ისინი შეაფასებენ რა იქნება სწორი. არ მგონია, რომ იქ რბოლა დააზიანებს ფორმულა 1-ის იმიჯს და არ მესმის, რატომ მოუწევს F1-ს იგივე გადაწყვეტილებების მიღება, რაც მიიღეს სხვა სპორტებში. მაგალითისთვის - თუნდაც ფეხბურთში", - უთხრა ეკლსტოუნმა ინგლისურ Times Radio-ს.
ფორმულა 1-ის ყოფილმა შეფმა სებასტიან ფეტელი განცხადებაც შეაფასა. გეტყვით, რომ ფეტელი იყო პირველი მრბოლელი, რომელმაც საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მკაფიო პოზიცია გამოთქვა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა გაუქმდებოდა თუ არა რუსეთის გრან-პრი, ის რბოლაში მონაწილეობას არ მიიღებდა. აღნიშნული განცხადება კი ეკლსტონს არ მოეწონა და შემდეგნაირი რეაგირება ჰქონდა
„გადაწყვეტილების მიღება გუნდებმა და პრომოუტერებმა უნდა მიიღონ და არა მრბოლელებმა“, - თქვა ბერნიმ.