ეთიოპიელმა მორბენალმა იალემზერფ იეჰუალავმა, ესპანეთის კასტელონში გამართულ შეჯიბრზე, 10 კილომეტრზე საგზაო გარბენში, მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა. შერეული სქესის მორბენალთა შორის ასპარეზობისას, მან დისტანცია 29 წუთსა და 14 წამში გაირბინა.
22 წლის იეჰუალავმა ძველი რეკორდი, რომელიც ბაჰრეინელმა კალკიდან გეზაჰენემ (წარმოშობით ისიც ეთიოპიიდან არის) შარშან დაამყარა, 24 წამით გააუმჯობესა.
„დღეს მე ოცნება ავისრულე. გარბენისას თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. პირველი 5 კილომეტრი ძალიან სწრაფად გავირბინე. დისტანციის მეორე ნახევარზე ცოტა გამიჭირდა, თუმცა მაღალი ტემპის შენარჩუნება მაინც შევძელი“, - ყვება გამარჯვებული.
იეჰუალავმა გასულ სეზონში, მსოფლიო რეკორდი ნახევარ მარათონზე გააუმჯობესა და ძველ რეკორდს 19 წამი მოაკლო. თუმცა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (ვორლდ ათლეტიკსი) ის მიღწევა არ ჩაუთვალა, რადგან დისტანცია ჩვეულებრივზე 54 მეტრით მოკლე აღმოჩდა.