უეფამ და ფიფამ რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ტურნირებიდან გარიცხეს. ამის შესახებ ორივე ორგანიზაციის ვებგვერდი იტყობინება.
„ფიფას საბჭოსა და უეფას აღმასრულებულებელი კომიტეტის მიერ მიღებული პირველად გადაწყვეტილების შემდეგ, რომლებიც ითვალისწინებდა დამატებითი ზომების მიღებას, ფიფამ და უეფამ გადაწყვიტეს, რომ რუსეთის ყველა გუნდს, იქნება ეს ეროვნული ნაკრები თუ კლუბები, შეუჩერდეთ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება. ეს გადაწყვეტილება ძალაში იქნება შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ფეხბურთი სრულად არის გაერთიანებული და სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა დაზარალებულს უკრაინაში. ორივე ორგანიზაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უკრაინაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რათა ფეხბურთი კვლავ იყოს ხალხთა შორის ერთიანობისა და მშვიდობის ვექტორი“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
გარდა ამისა, უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "გაზპრომთან" სასპონსორო ხელშეკრულება შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე რუსული კომპანიის სარეკლამო ბანერები აღარ განთავსდება.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო, რის შედეგადაც სპორტულმა სამყარომ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.