ფეხბურთი

1:38 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ რუსეთი ტურნირებიდან არ მოკვეთა, მხოლოდ სახელი, ჰიმნი და დროშა ჩამოართვა

ფიფამ რუსეთის ნაკრები თავის დაქვემდებარებაში მყოფი ტურნირებიდან არ გარიცხა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ რუსეთს სახელის, ჰიმნისა და დროშის გამოყენება აუკრძალა, გარდა ამისა, საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება ჩამოართვა.

ფიფას განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ უახლოეს მომავალში თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს და რუსეთი ტურნირებიდანაც მოკვეთოს.

„უპირველეს ყოვლისა, ფიფას სურს კიდევ ერთხელ დაგმოს რუსეთის მიერ ძალის გამოყენება უკრაინაში. ძალადობა არასდროს არის გამოსავალი და ფიფა გამოხატავს ღრმა სოლიდარობას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც უკრაინაში მომხდარით დაზარალებულია.

ფიფა კვლავ მოუწოდებს მშვიდობის სასწრაფოდ აღდგენას და მოუწოდებს მხარეებს დაუყოვნებლივ დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი. ფიფა მჭიდრო კავშირშია უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან და უკრაინის საფეხბურთო საზოგადოების წევრებთან, რომლებიც ითხოვენ მხარდაჭერას ქვეყნის დატოვების შესახებ მანამ, სანამ მიმდინარე კონფლიქტი გაგრძელდება.

ფეხბურთთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად და უეფასთან კოორდინაციით, ფიფას საბჭოს ბიურომ, ფიფას პრეზიდენტისა და კონფედერაციების ექვსი პრეზიდენტის მონაწილეობით ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად მიეღო სასწრაფო ზომები და ეს იქნება გამოყენებული შემდგომ გაფრთხილებამდე:

რუსეთის ტერიტორიაზე არ შეიძლება ჩატარდეს საერთაშორისო ტურნირი, „საშინაო“ მატჩები გაიმართება ნეიტრალურ ტერიტორიაზე და უმაყურებლოდ.

რუსეთის წარმომადგენელი ასოციაცია მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელით და არა რუსეთის სახელით.

რუსეთის მატჩებში გამოყენებული არ იქნება დროშა და ჰიმნი.

ფიფა გააგრძელებს მიმდინარე დიალოგს IOC-თან, უეფასა და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან, რათა დადგინდეს დამატებითი ზომები ან სანქციები, მათ შორის ტურნირებიდან პოტენციური გამორიცხვა, რომელიც გამოყენებული იქნება უახლოეს მომავალში, თუ სიტუაცია სწრაფად არ გაუმჯობესდება. ფიფას საბჭოს ბიურო მზადყოფნაში რჩება ამ გადაწყვეტილების მისაღებად.

მნიშვნელოვანია, რომ ფიფას მტკიცედ სწამს, რომ სპორტული მოძრაობა უნდა იყოს ერთიანი ამ თემაზე და რომ სპორტი უნდა იყოს მშვიდობისა და იმედი ვექტორი.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებთან დაკავშირებით ფიფამ გაითვალისწინა პოლონეთის, ჩეხეთისა და შვედეთის ფეხბურთის ასოციაციების პოზიციები და უკვე ყველასთან ჩაერთო დიალოგში. ფიფა დარჩება მჭიდრო კავშირში, რათა ერთად მოიძიოს შესაბამისი და მისაღები გადაწყვეტილებები. ფიფას აზრები რჩება ყველასთან, ვინც ამ შოკისმომგვრელი და შემაშფოთებელი სიტუაციით დაზარალდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებებმა უარი განაცხადეს.

0.120649