„იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე ომს და თქვა, რომ ყველა ქვეყანამ პოლონეთს უნდა მიბაძოს.
მოგეხსენებათ, პოლონელებმა რუსეთთან თამაშზე უარი თქვეს და ვოიცეხი დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. უფრო მეტიც, შჩესნის აინტერესებს, ეყოფა თუ არა ფიფას გამბედაობა, რომ რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშებლად გაიყვანოს.
„ეს სწორი არჩევანია, რუსეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში არ უნდა გვეთამაშა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თანაგუნდელებიც ასე ფიქრობენ. მე და ჩემი თანაგუნდელები არ ვითამაშებთ რუსეთთან და თუ წაგებას ჩაგვითვლიან, ამისთვისაც მზად ვართ. ჩემი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თავი მაღლა გვაქვს აწეული, რადგან ვიცით, რომ სწორად მოვიქეცით. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს არ მიიღებს.
ყველა ქვეყანამ ჩვენ უნდა მოგვბაძოს. ახლა ვნახავთ, ექნება თუ არა ფიფას ყვ***ბი, რომ რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშებელი გაიყვანოს. დარწმუნებული ვარ, რუსების უმეტესობა ომის წინააღმდეგია, მაგრამ მათმა მთავრობამ სხვა არჩევანი გააკეთა და რაც უკრაინაში ხდება ძალიან შემაშფოთებელია“, - თქვა შჩესნიმ იტალიურ მედიასთან.
შეგახსენებთ, რუსეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშზე უარი პოლონეთის გარდა, შვედეთის ნაკრებმაც თქვა. მოსალოდნელია, რომ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს ჩეხეთიც, რომელიც პლეი-ოფის ამავე ჯგუფშია.