ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ DAZN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ფეხბურთის თამაშს კიდევ 4-5 წელი აპირებს და სურს, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოიგოს.
გარდა ამისა, კრიშტიანუმ აღნიშნა, რომ მან ყველგან კვალის დატოვება შეძლო, სადაც ითამაშა და ასეთი ფეხბურთელები მის გარდა, არ არსებობენ.
„ყოველდღე ვმუშაობდი, დიდი ძალისხმევით და თავდადებით მოვედი აქამდე, ყოველთვის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი. ასევე, ვზრუნავდი საკუთარ თავზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. უკვე ჩავატარე 1000-ზე მეტი მატჩი, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ვიცი, რომ შემიძლია კიდევ ვითამაშო, თავს კარგად ვგრძნობ.
„სპორტინგის“ დატოვება და „მანჩესტერში“ გადასვლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. და, ახლა, 36 წლის ასაკში, მრავალშვილიანი, ოჯახის მამის რანგში აქ დაბრუნება ძალიან ლამაზი მომენტი იყო. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მაღალ დონეზე თამაში შემეძლო. ალბათ ხალხი სხვა კრიშტიანუს ელოდა, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩში გოლი გავიტანე. კარგი იყო სახლში მრავალი წლის შემდეგ დაბრუნება.
ამ ასაკამდე ასეთ დონეზე თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ამას ყოველდღე ვაჩვენებ. არ მჭირდება გითხრათ, რომ ძალიან კარგი ვარ, რადგან ჩემი სტატისტიკა ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. რა თქმა უნდა, მინდა მეტი ტიტული მოვიგო, რადგან ისეთ კლუბში ვარ, რომელიც ამის შესაძლებლობას მაძლევს, რატომაც არა? კიდევ 4-5 წელი ვითამაშებ და მინდა, კიდევ უფრო მეტი მოვიგო.
ჩემი ცხოვრება ძალიან ლამაზი მოგზაურობაა. ყველგან კვალი დავტოვე, სადაც ვიყავი. ვფიქრობ, ისტორიაში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ამაყად იტყვის, რომ სადაც წავიდა, ყველგან კვალი დატოვა. ეს ბედნიერებას მანიჭებს“, - თქვა რონალდუმ.