ფეხბურთი

22:15 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩი ომზე საუბრისას ატირდა: "ომში ღარიბები კვდებიან, არ შეიძლება ეს გამოსავალი იყოს"

იტალიური „ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა ომზე ისაუბრა. სერბი სპეციალისტისთვის ომი უცხო არ არის და ამ თემაზე საუბრისას ცრემლებიც ვერ შეიკავა.

ჟურნალისტების წინაშე „ბოლონიას“ თავკაცის გამოსვლა მართლაც ძალიან ემოციური იყო:

„გუშინწინ წავიკითხე წინადადება, რომელშიც ნათვამია, რომ როდესაც ომი მდიდრებს შორის მიმდინარეობს, ღარიბები იღუპებიან. დარწმუნებული ვარ, ომი არ შეიძლება იყოს და არც უნდა იყოს პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. ჩემს ქვეყანაში ომი რომ იყო, ჩემპიონთა თასი მოვიგე, „ლაციოსთან“ ერთად სკუდეტო რომ მოვიგე, მაშინ ჩემი ქვეყანა დაბომბეს. ყველა ადამიანს გვაქვს პრობლემა, ყველა ვფიქრობთ, რომ ჩვენი პრობლემა ყველაზე სერიოზულია, მაგრამ რეალური პრობლემა ეს არის. ყოველთვის იმედი მქონდა, რომ ვარჯიში 24 საათი გაგრძელებოდა, რათა ომზე არ მეფიქრა, მხოლოდ იმ წუთებში ვიყავი ბედნიერი. როცა ვარჯიში ან თამაში სრულდებოდა, სახლში მივდიოდი, ვუყურებდი ტელევიზორს და საშინელ ამბებს ვუსმენდი. ადვილი არ არის ამ პრობლემებისგან თავის დაღწევა, იზოლირება და სხვა საქმეზე ფოკუსირება. მაგალითად, მე ჩემს მშობლებს ორი კვირის განმავლობაში ვერ ვესაუბრებოდი, არც კი ვიცოდი, ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. მახსოვს, ავიანოდან თვითმფრინავების აფრენის ხმა რომ გავიგე, დედაჩემს დავურეკე, ვუთხარი, რომ ხუთ წუთში დაბომბავდნენ და სარდაფში ჩასულიყო, იქ იქამდე რჩებოდნენ, როდემდეც შესაძლებელი იყო, მიუხედავად ამისა, მოედანზე გავდიოდი, თუმცა ეს ადვილი არ იყო.

დღეს ომი ყველგან პირველი სიახლეა. 4-5 დღის მერე მეორე, ორი კვირის შემდეგ მესამე სიახლე გახდება, ერთ თვეში კი შეიძლება ამაზე არავინ ილაპარაკოს. ასე არ უნდა იყოს, არ შეიძლება ეს დავივიწყოთ, ხალხი ომს არ უნდა შეეგუოს, რადგან ყველა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს წვლილი, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდეს, იმიტომ, რომ ომი ყველა ჩვენგანზე დიდია“, - თქვა სინიშამ, რომელიც ბოლოს ატირდა და საუბარი ვეღარ გააგრძელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115081