ამერიკულ კომპანია „ჰაასის“ ფორმულა 1-ის გუნდმა გამოაცხადა, რომ საკუთარი მანქანებიდან, მთავარიმ სპონსორის, რუსულ კომპანია „ურალკალის“ ლოგოებს მოხსნის. რუსული კომპანიის ბრენდირება, მანქანების რუსული დროშის ფერებში გაფორმებას ითვალისწინებს. მაგრამ „ჰაასმა“ გადაწყვიტა, რომ მისი მანქანები მხოლოდ თეთრი ფერით გაფორმდება.
„ჰაასის“ მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას, მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა შეუძლია. საქმე ისაა, რომ მის ბიუჯეტს მეტწილად სწორედ „ურალკალის“ მილიონები უზრუნველყოფს. „ურალკალის“ მფლობელის, მილიარდერ დმიტრი მაზეპინის შვილი, ნიკიტა მაზეპინი ჯერჯერობით „ჰაასის“ პილოტად რჩება.
„გვინდა გაცნობოთ, რომ ბარსელონას ტესტების მესამე დღეს, ჩვენი მანქანები „ურალკალის“ ბრენდირების გარეშე იქნება. გეგმის შესაბამისად, ნიკიტა მაზეპინი ტესტებში მონაწილეობას დილის სესიის დროს მიიღებს. საღამოს კი მას მიკ შუმახერი შეცვლის“, - ნათქვამია გუნდის განცხადებაში.