ავტოსპორტი

4:00 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტესტების პირველ დღეს ყველაზე სწრაფი ნორისია

ბარსელონაში სტარტი აიღო ფორმულა 1-ის წინასასეზონო ტესტებმა, რომლების დროსაც, გუნდები თავიანთ ახალ ტექნიკას პირველად გამოცდიან და მანქანების გაუმჯობესებაზე მუშაობის გეგმებს დასახავენ.

რა თქმა უნდა, ტესტების დროს, წრის გავლის დროს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა შედგები მაინც ფიქსირდება. არანაკლებ საყურდღებოა პილოტების მიერ გავლილი წრეების რაოდენობა, რიტაც გუნდების მუშაობის ეფექტურობა და მანქანების გამძლეობა, ასევე ბევრი სხვა პარამეტრი ფასდება.

ტესტების პირველი დღე, ორი ოთხსაათიანი სესიისგან შედგებოდა. პირველზე ყველაზე სწრაფი „ფერარი“ და მისი შარლ ლეკლერი (1:20.165) იყვნენ, მეორეზე კი „მაკლარენმა“ და ლანდო ნორისმა (1:19.568) ყველა ჩამოიტოვეს. შედარებით უარესი დრო ჰქონდა მსოფლიოს ახალ ჩემპიონ მაქს ფერსტაპენს. მაგრამ ის ტრასაზე ხისტი საბურავებით იმყოფებოდა და განსხვავებული პროგრამით მუშაობდა. ყველაზე მეტი წრე (147) სწორედ მან გაიარა.

ლუის ჰამილტონი საქმეში მეორე სესიიდან ჩაერთო. მან საჭესთან ჯორჯ რასელი შეცვალა, რომელმაც 77 წრის გავლა მოასწრო. ჰამილტონმა მხოლოდ 50 წრის გავლა მოასწრო. „მერსედესს“ ჯამში 127 წრე დაუგროვდა, ანუ „რედ ბულზე“ ნაკლები. ხარებს ტრასაზე მხოლოდ ფერსტაპენი ჰყავდათ, სერხიო პერესი კი საქმეში მეორე დღიდან ჩაერთვება.

აღსანიშნავია, რომ „რედ ბულმა“ თავისი ახალი მანქანა პირველად სწორედ ტესტების დროს გამოაჩინა და საინტერესო აეროდინამიკური გადაწყვეტებით ყველა გააოცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი რადიატორის ჰაერის ამღები, რომელსაც ვიწრო და ყველასგან განსხვავებული ფორმის ჭრილი აქვს. რადიატორის კორპუსის დაბლა დიდი ადგილია დარჩენილი, რომელიც აეროდინამიკური დანიშნულებით არის გამოყენებული.

ყველაზე ცოტა, 32 წრე გაიარეს „ალფა რომეოს“ ვალტერი ბოტასმა და სარეზერვო პილოტმა რობერტ კუბიცამ. ამასთან, პოლონელმა მხოლოდ 9 წრის გავლა მოასწრო და ყველაზე უარესი დრო ჰქონდა.

0.248778