ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა ამერიკის MLS-ში თამაშის სურვილი საჯაროდ გამოხატა. მან ლეგენდარულ რონალდოსთან პირდაპირ ეთერში ისაუბრა და სწორედ მას გაუმხილა, რომ მომავალში ამერიკაში წასვლას აპირებს.
„ევროპული გამოცდილების შემდეგ მინდა ამერიკაში ვითამაშო, თუნდაც, ერთი სეზონი მაინც, იქ მოკლე ჩემპიონატია, სამი-ოთხი თვე შვებულება აქვთ“, - თქვა ნეიმარმა, რომელმაც არც ბრაზილიაში დაბრუნება გამორიცხა:
„ბრაზილიაში დაბრუნებაზე ეჭვები მაქვს. ზოგჯერ ვფიქრობ ამაზე და ვამბობ, რომ მომეწონება, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ არა“, - განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, ნეიმარს „პარი სენ ჟერმენის“ გარდა, „სანტოსსა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია.