ფეხბურთი

15:17 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბორდალასი: "წარსულში ყურება შეიძლება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ძლიერ გუნდებთან კონკურენცია არ შეგვიძლია"

„ვალენსიამ“ ლა ლიგის 25-ე ტურში „ბარსელონასთან“ 1:4 წააგო და მორიგი უფერული თამაში ჩაატარა. მატჩის შემდეგ ხოსე ბორდალასს გიორგი მამარდაშვილის შესახებ არაფერი უთქვამს, რადგან ჟურნალისტებს ქართველ მეკარეზე არაფერი უკითხავთ, მაგრამ ესპანელმა სპეციალისტმა კლუბის მძიმე რეალობაზე ისაუბრა.

„ამჟამად სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებს ვერ შევედრებით, ეს არის ჩვენი რეალობა. წარსულში ვერ გავიხედებით, რადგან ახლა არ გვაქვს წამყვანი გუნდების პოტენციალი. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, ძალიან გაბრაზებულიც. ვალენსიაში რომ ჩამოვედი, სხვა ამბიცია მქონდა და იმედგაცრუებული ვარ. ეს არ არის ის, რაც მე მინდა. დაცვით პრობლემებზე ვმუშაობთ, განსაკუთრებით ამ კვირაში, რადგან „ბარსას“ პოტენციალი ვიცოდით. მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს, ისინი არ იმსახურებენ იმ იმიჯს, რაც „ბარსელონასთან“ ვაჩვენეთ, მაგრამ მათი პოტენციალის წინააღმდეგ უძლურები ვიყავით“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგაში 25 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-12 ადგილზეა. „ღამურების“ ერთადერთი ნუგეში მიმდინარე სეზონში ესპანეთის თასი თუ იქნება, სადაც ნახევარფინალში არიან გასულები და „ბილბაოსთან“ საპასუხო მატჩი შინ 2 მარტს ელოდებათ. პირველი შეხვედრა ბასკეთში ფრედ, 1:1 დასრულდა. ბორდალასის შეგირდები ლა ლიგის მომდევნო ტურში 26 თებერვალს, სტუმრად "მალიორკას" შეხვდებიან.

0.115081