იტალიის სერია A-ს XXVI ტური ძალიან საინტერესო გამოდგა. ყველაფერი „იუვენტუსის“ ფრით დაიწყო, „მილანის“ ფრით გაგრძელდა და „ინტერის“ მარცხით დასრულდა (კვირის სათამაშო დღე).
მოქმედ ჩემპიონს „სალერნიტანასგან“ ბოძებული საჩუქრის შერგება შეეძლო, მაგრამ შინ „სასუოლოსთან“ წააგო. სიმონე ინძაგის გუნდი აშკარად კრიზისშია - ბოლო სამ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში „მილანს“ ორი ქულით ჩამორჩება, თუმცაღა თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და თავს ამით თუ დაიმშვიდებს. „ინტერმა“ საწყის 25 წუთში გაუშვა ორი გოლი ჯაკომო რასპადორისა და ჯანლუკა სკამაკასგან და მერე ვერაფერი შეცვალა. მომენტები ჰქონდა, მაგრამ იგივე ითქმის მეტოქეზეც, რომელსაც არაერთხელ შეეძლო მესამე გოლის გატანა. ამრიგად, „ნერაძური“ ბოლო სამი ტურია მოუგებლად ასპარეზობს და ამას ჩემპიონთა ლიგაზე მარცხსაც თუ დავუმატებთ, კრიზისის ნიშნები სახეზეა. და, „სასუოლო“? ეს გუნდი მხოლოდ მე-11 ადგილზეა, მაგრამ ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, შემტევს და შესანიშნავი შემტევებიც ჰყავს - დომენიკო ბერარდი, ჯაკომო რასპადორი, ჯანლუკა სკამაკა და ჟუნიორ ტრაორე. „სასუოლომ“ ისტორიაში პირველად მოახერხა ერთ სეზონში „სან სიროზე“, როგორც „ინტერის“, ისე „მილანის“ ძლევა. თუმცა, ეს ყველაფერი არაა - ალესიო დიონიზის გუნდმა მიმდინარე სეზონში სტუმრად არა მარტო მილანური გრანდები, არამედ „იუვენტუსიც“ დაამარცხა. გამოდის, რომ იტალიური ფეხბურთის სამივე გრანდს მისსავე მოედანზე სძლია, რაც მართლაც იშვიათობაა.
ბერგამოს „ატალანტას“ შეეძლო „იუვენტუსის“ ფეხის დაცდენით ესარგებლა, მაგრამ ჯამპიერო გასპერინის გუნდიც კრიზისშია და მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად, ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“. ერთადერთი გოლი კშიშტოფ პიონტეკმა გაიტანა. სხვათა შორის, ბერგამოელებმა მალევე გაიტანეს, მაგრამ რუსლან მალინოვსკის გოლი ჰანს ჰატებურზე დაფიქსირებული პასიური თამაშგარის გამო არ ჩაითვალა, რასაც დიდი პოლემიკა მოჰყვა. ვთქვათ ისიც, რომ „ატალანტამ“ მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველად წააგო. ლომბარდიელები „იუვენტუსს“ 3 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ამასობაში, „ფიორენტინას“ დუშან ვლაჰოვიჩის წასვლა საერთოდ არ ეტყობა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩაბმული.
იგივე ითქმის რომის „ლაციოზეც“, მაგრამ მაურიციო სარის გუნდმა ჩირო იმობილეს გარეშე „უდინეზესთან“ ქულები დაკარგა. „არწივებმა“ დასაწყისშივე გაუშვეს და ტაიმის ბოლოს ფელიპე ანდერსონმა კი გაათანაბრა, მაგრამ ეს მხოლოდ ქულისთვის იყო საკმარისი.
26-ე ტური ორშაბათს, „კალიარი“ – „ნაპოლისა“ და „ბოლონია“ – „სპეციას“ მატჩებით დასრულდება. ვთქვათ, რომ „ნაპოლი“ თუ მოიგებს, „ინტერს“ გადაასწრებს და „მილანთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგება.
„ფიორენტინა“ – „ატალანტა“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 პიონტეკი (56)
„ვენეცია“ – „ჯენოა“ 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 ანრი (13), 1:1 ეკუბანი (29)
„ინტერი“ – „სასუოლო“ 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 რასპადორი (8), 0:2 სკამაკა (26)
„უდინეზე“ – „ლაციო“ 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 დეულოფეუ (5), 1:1 ანდერსონი (45)