ფეხბურთი

14:35 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

90 წუთში ბურთთან მხოლოდ 7 შეხება: ლუკაკუს კატასტროფა და ანტირეკორდი

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგის ანტირეკორდი დაამყარა. ბელგიელი ფეხბურთელი „კრისტალ პალასთან“ მატჩში (1:0) ბურთს მხოლოდ შვიდჯერ შეეხო!

Opta-ს ინფორმაციით, 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული 90+ წუთში ბურთზე ყველაზე ნაკლები შეხება სწორედ ლუკაკუს ჰქონდა, არადა, ის მოედანზე ზუსტად 94 წუთის განმავლობაში იყო (კომპენსირებული დროის ჩათვლით). იმ ფეხბურთელებიდან, რომლებსაც პრემიერლიგაში 90 წუთი აქვთ ნათამაშები ლუკაკუმ ყველაზე უარესი მაჩვენებელი დააფიქსირა.

სხვათა შორის, 2003-2004 წლების სეზონი მხოლოდ საწყისი თარიღია, რადგან მანამდე მსგავს სტატისტიკას უბრალოდ არ ითვლიდნენ. ისიც ვთქვათ, რომ რომელუ მეტოქის საჯარიმოში ბურთს ერთადერთხელ შეეხო, ერთხელ კი უბრალოდ ტაიმის დასაწყისში ბურთი მოედნის ცენტრიდან თამაშში შეიყვანა. მისი განეიტრალება „კრისტალ პალასის“ დანიელმა მცველმა იოაკიმ ანდერსენმა იდეალურად მოახერხა.

„მისი ბრალია თუ გუნდის? დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორი პასუხი მაქვს. არ ვიცი, რას ნიშნავს ეს მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ეს მოწმობს, რომ არ მონაწილეობდა გუნდურ თამაშში და ვერ გაიტანა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, ვისი ბრალია“, - თქვა ტუხელმა მატჩის შემდეგ ბელგიელის პერფორმანსზე.

ლუკაკუს საშინელი თამაშის მიუხედავად, „ჩელსიმ“ უმძიმესი თამაში მაინც მოიგო. გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე ჰაკიმ ზიეშმა გაიტანა. მიმდინარე სეზონში ბელგიელ თავდამსხმელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში მხოლოდ 10 გოლი აქვს გატანილი.

0.117269