„მილანმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, რომელიც შესაძლოა სეზონის ბოლოს ძალიან ძვირად დაუჯდეს. სერია A-ს XXVI ტურში სტეფანო პიოლის გუნდი სალერნოში, ბოლოადგილოსან „სალერნიტანას“ ესტუმრა და ცხადია, გამარჯვებას გეგმავდა, მაგრამ ბოლოს ქულის გადარჩენაზე მოუწია ბრძოლა.
„როსონერი“ „სტადიო არეკიზე“ ჟუნიორ მესიასმა მეხუთე წუთზე დააწინაურა, მაგრამ მასპინძლები არაფერს თმობდნენ და ბრძოლა 29-ე წუთზე დაუფასდათ, როდესაც ფედერიკო ბონაცოლიმ ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა. სალერნოელები 72-ე წუთზე მილან ჯურიჩმა თავური დარტყმით საერთოდ წინ გაიყვანა. თუმცა, მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, რადგან 5 წუთში ანტე რებიჩმა შორეული დარტყმით გაათანაბრა და ფრე - 2:2.
„მილანს“ 56 ქულა აქვს და „ინტერს“ ორი ქულით უსწრებს, მაგრამ ორი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული, შესაბამისად, ყველაფერი „ნერაძურის“ ხელშია. მართლაც, ვინ იცის, სად იჩენს თავს სალერნოში დაკარგული 2 ქულა. სხვათა შორის, 2016 წლის მაისის შემდეგ პირველად მოხდა, რომ სერია A-ს ლიდერმა ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს ვერ მოუგო. მაშინ „ვერონამ“ „იუვენტუსი“ დაამარცხა, მაგრამ ბოლო ტური იყო და ტურინელებს უკვე სკუდეტო მოგებული ჰქონდათ, ახლა კი „მილანს“ ბევრად უფრო სჭირდებოდა აუტსაიდერთან დაგეგმილი ქულები...
„რომამ“ „ვერონას“ უმასპინძლა და ისევ ვერ მოიგო. თუმცა, ჟოზე მოურინიო მაინც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან „ჯალოროსის“ ბევრი ფეხბურთელი აკლდა და მეოცე წუთისთვის 0:2-ს მარცხდებოდა. პორტუგალიელმა მეორე ტაიმში მოედანზე პრიმავერადან დამატებული 17 წლის კრისტიან ვოლპატო და 18 წლის ედოარდო ბოვე ჩართო თამაშში. სწორედ მათ გადაარჩინეს „რომა“. ვოლპატომ სხვაობა შეამცირა, ხოლო ბოვემ გაათანაბრა. სერია A-ს ერთ მატჩში პირველად გაიტანა ორმა ისეთმა ფეხბურთელმა, რომლებიც 2000 წლის შემდეგ არიან დაბადებულნი. მეტიც, ვოლპატო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა. პატარა ბიჭების გმირობის მიუხედავად „რომას“ ეს ქულა ბევრი ვერაფერში წაადგა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა ვერ შეამცირა.
თუ „რომაში“ გოლებს 17 და 18 წლის ბიჭები იტანენ, „სამპდორიამ“ „ემპოლი“ 39 წლის ფაბიო კუალიარელას დუბლით დაამარცხა. ვეტერანი ფორვარდი ძველებურად ვნებით თამაშობს და ისტორიასაც წერს. კუალიარელა სერია A-ს ისტორიაში მხოლოდ მერვე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის უმაღლეს დივიზიონში გოლი ზედიზედ 18 კალენდარული წლის განმავლობაში გაიტანა. ფაბიომდე ამის გაკეთება მხოლოდ ჟოზე ალტაფინიმ, ჯანი რივერამ, რობერტო მანჩინიმ, რობერტო ბაჯომ, ალესანდრო დელ პიერომ, ფრანჩესკო ტოტიმ და სერჯო პელისიერიმ მოახერხეს. ვთქვათ, რომ კუალიარელამ "სამპდორიაში" მე-100 გოლი გაიტანა.
„სალერნიტანა“ – „მილანი“ 2:2 (1:1)
გოლები: 0:1 მესიასი (5), 1:1 ბონაცოლი (29), 2:1 ჯურიჩი (72), 2:2 რებიჩი (77)
„რომა“ – „ვერონა“ 2:2 (0:2)
გოლები: 0:1 ბარაკი (5), 0:2 ტამეზე (20), 1:2 ვოლპატო (65), 2:2 ბოვე (84)
„სამპდორია“ – „ემპოლი“ 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 კუალიარეალა (14), 2:0 კუალიარელა (29)