პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილმა ფინალში იასპარეზა და მეცხრე ადგილი დაიკავა.
ქართულმა დუეტმა თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად შეასრულა და 126.33 ქულა დაიმსახურა (63.88 ქულა ტექნიკური ელემენტებისთვის, 62.45 ქულა პრეზენტაციისთვის). გარდა ამისა, თავისუფალი პროგრამის შედეგს მოკლე პროგრამის 66.11 ქულა დაემატა და მთლიანობაში საფინა-ბერულავას წყვილმა 192.44 ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ საფინა და ბერულავა თავისი გამოსვლის შემდეგ ლიდერები იყვნენ, მაგრამ მერე ყინულზე კიდევ 8 წყვილი გავიდა, რომლებიც საუკეთესო ჯგუფებში იყვნენ განთესილები და ყველა მათგანმა უკეთესი შედეგი აჩვენა, შედეგად, ქართველებს საბოლოოდ მეცხრე პოზიცია ერგოთ.
ლუკა ბერულავა და კარინა საფინა მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბოლო წარმომადგენლები იყვნენ. შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაცია პეკინში 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, თუმცა, მედლის მოპოვება ვერცერთმა მათგანმა მოახერხა.