იტალიის სერია A-ს 26-ე ტური ტურინული დერბით გაიხსნა, რომელშიც „იუვენტუსი“ ფავორიტი იყო, მაგრამ საშინლად ითამაშა და მარცხს გადაურჩა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი ნოემბრის შემდეგ არ აგებს, მაგრამ მოგებაც ძალიან უჭირს. მეორე წრეში „იუვემ“ 7 მატჩი ჩაატარა და 4-ჯერ ფრეს დასჯერდა. რა თქმა უნდა, ამ ტემპით „ბიანკონერი“ სეზონის ბოლოს ოთხეულში ვერ მოხვდება.
„ბებერი ქალბატონი“ დერბი დელა მოლეში მატიას დე ლიხტმა მე-13 წუთზე თავური დარტყმით დააწინაურა, მაგრამ იქამდეც და გოლის მერეც „ტორინო“ გაცილებით გააზრებულად თამაშობდა და დაუძინებელი მტერი ლამის თავის საჯარიმოში გამოკეტა. „ხარების“ ზეწოლამ შედეგი 62-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ანდრეა ბელოტიმ წონასწორობა აღადგინა და ფრე - 1:1.
„იუვენტუსი“ 47 ქულით მეოთხე ადგილზეა და „ატალანტას“ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ ბერგამოულ გუნდს ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და შეუძლია -3 ქულა პლუს 3 ქულად აქციოს.
მაქს ალეგრის კი საფიქრალი ძალიან ბევრი აქვს, რადგან მის გუნდს თამაშის იდეა პრაქტიკულად არ გააჩნია. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი ელოდება ესპანეთში „ვილიარეალთან“ და ყველაფერთან ერთად ტურინელთა ლაზარეთი სავსეა. „იუვეს“ ცენტრალური მცველებიდან მხოლოდ დე ლიხტი ჰყავს ჯანმრთელი, ამიტომაც იყო, რომ „ტორინოსთან“ ცენტრში ალექს სანდრომ ითამაშა.
ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, დანიელე რუგანი, ფედერიკო კიეზა, ფედერიკო ბერნარდესკი, ლუკა პელეგრინი და პაულო დიბალა (ისიც დღეს დაშავდა, როგორც რუგანი და პელეგრინი) - ეს ტრავმირებულთა სიაა. „იუვეს“ სიტუაცია მართლაც მძიმეა და საქმეს ვერც დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერმა უშველა, რომელსაც დერბი დელა მოლეში საშინელი თამაში ჰქონდა.
„იუვენტუსი“ – „ტორინო“ 1:1 (1:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ალექს სანდრო, პელეგრინი (დე შილიო 46); ზაკარია, ლოკატელი (არტური 74), რაბიო; დიბალა (მაკკენი 54), ვლაჰოვიჩი (კინი 74), მორატა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
„ტორინო“ (3-4-2-1): მილინკოვიჩ-სავიჩი; ჯიჯი, ბრემერი (ბონჯორნო 90), როდრიგესი; სინგო (ანსალდი 80), ლუკიჩი, მანდრაგორა, ვოივოდა; პობეგა, ბრეკალო (პიაცა 75); ბელოტი (სანაბრია 79)
მწვრთნელი: ივან იურიჩი
გოლები: 1:0 დე ლიხტი (13), 1:1 ბელოტი (62)
გაფრთხილება: კუადრადო (62) - ლუკიჩი (82), მანდრაგორა (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 10 (3) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 7:9 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: დავიდე მასა