ავტოსპორტი

1:36 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მასის ფორმულა 1-ის რბოლის დირექტორის თანამდებობა დაატოვებინეს

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) გადაწყვეტილებით, ავსტრალიელი მაიკლ მასი (ფოტოზე) რბოლების დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებულია. ეს არის შედეგი გასული სეზონის ბოლო რბოლის, აბუ დაბის დიდი პრიზის დასასრულს მომხდარი ინციდენტისა, რომელმაც ჩემპიონის ვინაობა გაარკვია.

მასის FIA-ში ახალ ადგილს შესთავაზებენ. რბოლის დირექტორის პოსტზე კი მას ნილს ვიტიჩი და ედუარდო ფრეიტასი შეცვლიან, რომლებიც საპასუხისმგებლო მოვალეობას მორიგეობით შეასრულებენ.

მათგან ფრეიტასი ასრე სპორტული ავტომობილების გამძლეობაზე რბოლების ჩემპიონატის, მათ შორის, ლე მანის 24 საათის დირექტორი იყო. ვიტიჩი ადრე გერმანიის ტურინგის კლასის ჩემპიონატის (DTM) თანამშრომელი იყო და გასულ სეზონში მასის მოადგილედ მუშაობდა.

რბოლის კონტროლის გუნდის მთავარი მრჩევლის მოვალეობას, გამოცდილი მაიკლ ჰერბი ბლაში შეასრულებს, ვინც FIA-ში 50 წელი მუშაობის შემდეგ, 2016 წელს პენსიაში გავიდა. ახლა კი ბრუნდება. ბლაში წლების განმავლობაში, ჩარლი უაიტინგის მოადგილედ მუშაობდა. ორივე კი 1970-იან წლებში, ბერნი ეკლსტოუნის „ბრებჰემის“ წევრი იყო.

მასი რბოლის დირექტორად 2019 წლის სეზონის დასაწყისში, უაიტინგის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ დაინიშნა. მან აბუ დაბის რბოლის ბოლოს, უსაფრთხოების მანქანის ტრასიდან გასვლის წესი დაარღვია. შედგად, ბოლო წრეზე მაქს ფერსტაპენმა უპირატესობა მიიღო და ახალი საბურავების მეშვეობით, მან ადილად გაასწრო ლუის ჰამილტონს. ამით მან თავის კარიერაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

0.112738