სხვა

1:33 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგმა ნოელმა სლალომში ოლიმპიური ოქრო მოიპოვა

ფრანგმა კლემან ნოელმა სლალომის უნაკლო მეორე ცდით, ყველა მეტოქე უკან ჩამოიტოვა და საფრანგეთს პეკინის ოლიმიადაზე, სამთო თხილამურობაში პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

24 წლის ნოელმა პიონჩანში სლალომსა და შერეულ გუნდურ შეჯიბრზე, მეოთხე ადგილი დაიკავა. პეკინში კი პირველი ცდის შემდეგ მხოლოდ მეექვსე იყო. მაგრამ მეორე ცდაზე ყველა მეტოქე დაჩრდილა.

„ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რბოლა იყო. ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების შანსი ხშირად არ გეძლევა. ოთხ წელიწადში ერთხელ, ამისთვის ერთი შანსი გაქვს. თავიდანვე კარგ განწყობაზე ვიყავი. იანვარში არცთუ საუკეთესო რბოლები მქონდა, მაგრამ აქ ვარჯიში ძალიან გამომადგა. სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატად. ოლიმპიური ჩემპიონი ვარ... ეს დიდებულია“, - განაცხადა ნოელმა, ვინც მსოფლიო თასზე, სლალომში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

ვერცხლის მედალს ავსტრიელი იოჰანს შტროლცი დაეუფლა, ვინც მანამდე კომბინაციაში მოიგო ოქრო. ის გამარჯვებულს 0.161 წამით ჩამორჩა. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ნორვეგიელი სებასტიან ფოს-სოლევააგი კი ბრინჯაოს დასჯერდა.

ფრანგებს სლალომში ოქროს მედალი ახლა უკვე სამჯერ აქვთ მოპოვებული. პირველად ეს 1968 წელს გრენობლში ჟან-კლოდ კილიმ შეძლო. 2002 წელს სოლტ ლეიკ სიტიში კი ოქროს მედალს ჟან-პიერ ვიდალი დაეუფლა. ნოელი მესამეა.

შტროლცი პირველი ცდის შემდეგ საუკეთესო იყო, მაგრამ მეორეზე მხოლოდ მე-13 შედეგს დასჯერდა. საინტერესოა, რომ მისმ მამამ, ჰუბერტ შტროლცმა 34 წლის წინათ, კალგარის თამაშებზე, ასევე ოქროს და ვერცხლის თითო მედალი მოიპოვა. მანაც კომბინაცია მოიგო, გიგანტურ სლალომში კი ვერცხლს დასჯერდა.

0.119868