ფორმულა 1-მა ქულების ახალი სისტემა დაამტკიცა, რომელიც ეხება როგორც რბოლებს, ისე საკვალიფიკაციო სპრინტებს. ახალი სისტემა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გასულ სეზონში, ბელგიის დიდი პრიზის რბოლა პრაქტიკულად ჩაიშალა.
რბოლაში მხოლოდ ერთი წრე დაფიქსირდა, ისიც უსაფრთხოების მანქანის უკან. მაგრამ ამის მიუხედავად, პილოტებმა განახევრებული ქულები მიიღეს. ფ1-ის კომისიის მიერ დამტკიცებული ახალი წესებით, ასე აღარ მოხდება.
ახალი სეზონიდან, თუ რბოლაში ორი ან ნაკლები წრე ჩატარდა, ქულები აღარ დაიწერება. იმ შემთხვევაში, თუ რბოლის დისტანციის მხოლოდ 25 პროცენტის გავლა მოხერხდა, ქულებს მხოლოდ პირველ ხუთეულს დაუწერენ. პირველ ადგილზე გასული 6 ქულას მიიღებს, მეორე - 4 ქულას და ასე შემდეგ.
თუ დისტანციის 25-დან 50 პროცენტის გავლა მოხერხდა, მაშინ ქულები 9 პილოტს დაეწერება. პირველი ადგილი 13 ქულას მიიღებს, მომდევნო პილოტები კი 10, 8, 6, 5, 4, 3, 2, და 1 ქულას. თუ რბოლის დისტანციის 50-დან 75 პროცენტამდე დაიფარა, მაშინ ქულები 10 საუკეთესოს დაურიგდება. გამარჯვებული 19 ქულას მიიღებს, მეორე ადგილზე გასული - 14 ქულას. მომდევნო ადგილებზე ქულები ასე განაწილდება: 12, 9, 8, 6, 5, 3, 2 და 1.
უცვლელად დარჩა ქულების სისტემა იმ შემთხვევისთვის, თუ რბოლის 75-100 პროცენტი ჩატარდება. ამ შემთხვევაში, გამრჯვებული 25 ქულას მიიღებს, მეორე და მესამე ადგილები კი - 18 და 15 ქულას. მომდევნო ადგილებს ქულები ასე გაუნაწილდებათ: 12, 10, 8, 6, 4, 2 და 1.
რაც შეეხება საკვალიფიკაციო სპრინტ რბოლებს, რომლებსაც ამიერიდან, უბრალოდ, სპრინტი ეწოდა, მათი გამარჯვებულები, სამის ნაცვლად, 8 ქულას მიიღებენ. სპრინტში ქულები რვა საუკეთესოს გაუნაწილდება. მეორე ადგილზე 7 ქულაა და ყოველ მომდევნო ადგილზე - წინაზე ქულით ნაკლები.
პირველი სპრინტი ემილია რომანიას დიდ პრიზზე ჩატარდბა, რომელიც სეზონის მეოთხე ეტაპია. დანრჩენი ორი სპრინტი კი ავსტრიასა და ბრაზილიაში დაინიშნა.