სხვა

16:32 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რევიასა და კაზაკოვას წყვილმა საუკეთესო ოცეულში ადგილი გაინაღდა და ფინალურ ეტაპზე გავიდა (+VIDEO)

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, დღეს ასპარეზობაში წყვილები ჩაერთვნენ. სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტმა იასპარეზა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა წყვილს გამოსვლა ჯერ არ დაუსრულებია, თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება უკვე მოიპოვეს.

გამომდინარე იქიდან, რომ 23 სპორტული წყვილიდან ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება 20 დუეტს შეუძლია, ქართველებმა იმ დროისთვის 4 წყვილს გადაასწრეს და საუკეთესო ოცეულში მინიმუმ მე-19 ადგილი უკვე გარანტირებული აქვთ. თუმცა, საბოლოო შედეგი მოგვიანებით გაირკვევა.

გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა ყველა ელემენტი შეასრულა და ჟიურისგან 67.08 ქულა დაიმსახურა. მათ 37.17 ქულა ტექნიკური ელემენტებისთვის მიიღეს, ხოლო პრეზენტაციისთვის 29.91 ქულა დაიმსახურეს. ქართველებმა ლიეტუვის, იაპონიის, გერმანიის, უკრაინისა და სომხეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს გადაასწრეს და 23 წყვილში მე-18 პოზიციაზე იმყოფებიან.

პირველ პოზიციაზე 90.83 ქულით საფრანგეთის სახელით მოასპარეზე წყვილი - გაბრიელა პაპადაკისი და გიულემე ციზერონი არიან. მათ მცირედით ჩამორჩებიან რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები - ვიქტორია სინიცინა და ნიკიტა კაცალაპოვი, რომლებმაც 88.85 ქულა გამოიმუშავეს, ხოლო მესამეზე, ბოლო გამომსვლელი ამერიკელების წყვილი - მედისონ ჰაბელი და ზაკარი დონოჰიუ აღზევდნენ - 87.14 ქულით.

ფიგურილ ციგურაობაში ფინალური ეტაპი 14 თებერვალს ჩატარდება. 20 საუკეთესო წყვილი მედლებისთვის იბრძოლებს, მათ შორის კი ქართული დუეტი იქნება. თავისუფალი პროგრამა თბილისის დროით 05:15 საათზე დაიწყება და 08:50-ზე დასრულდება.

0.13285