„პარი სენ ჟერმენის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ Gazzetta Dello Sport-თან ვრცელ ინტერვიუში „მილანიდან“ წასვლის შესახებაც ისაუბრა.
როგორც 22 წლის კარის დარაჯმა აღნიშნა, ყველა მას ადანაშაულებს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც (კლუბი), საიდანაც აცნობეს, რომ მისი შემცვლელი უკვე ნაყიდი ჰყავდათ.
„კლუბში გატარებული ამდენი წლის შემდეგ წასვლა არც ისე ადვილი იყო. „მილანში“ გავიზარდე, როგორც ადამიანი და ფეხბურთელი. კლუბს მხოლოდ მადლობა მინდა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. „მილანში“ თავს ყოველთვის სახლში ვგრძნობდი, მაგრამ მერე იცით საქმე როგორც წავიდა. შესაძლოა, ყველა მე მაბრალებს რაც მოხდა, თუმცა მეორე მხარეს არავინ იყურება. მოდით, მოკლედ ვთქვათ, რომ კლუბის ბოლო სატელეფონო ზარმა ყველაფერი გადაწყვიტა. მათ დამირეკეს და მითხრეს, რომ სხვა მეკარე იყიდეს. ყველაფერი ასე დასრულდა“, - თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმა „მილანის“ ღირსებას 2015-2021 წლებში იცავდა და 251 მატჩში მიიღო მონაწილეობა. პსჟ-ში, სადაც იტალიელი მეკარე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, დღემდე 15 თამაში ჩაატარა. დონარუმა „მილანში“ ფრანგმა მეკარე მაიკ მენიანმა შეცვალა, რომელმაც კლუბის მოლოდინი გაამართლა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.