ნიქოზიის „აპოელის“ ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მეოცე ტურში დუბლი შეასრულა. 28 წლის ფეხბურთელმა ლიმასოლის „აელთან“ ორჯერ გაიტანა და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა.
„აპოელი“ ჯერ 0:1-ს და მერე 1:2-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ შინ მაინც 3 ქულით დაბრუნდა. ქვილითაიამ, რომელიც 90-ე წუთზე შეცვალეს, ანგარიში 21-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 75-ე წუთზე საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვების გოლი გაიტანა. სხვათა შორის, გიორგის მეორე გოლამდე ერთი წუთით ადრე შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი ცარიელ კარს ააცილა.
28 წლის ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 9 გოლია (7 ჩემპიონატში, 2 - თასზე). „აელთან“ მატჩში თორნიკე ოქრიაშვილმა 26-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო მურთაზ დაუშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს, რომელმაც მე-18 წუთზე ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში გაიხსნა.
ნიქოზიის „აპოელი“ 30 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 9 თებერვალს, „პაეეკს“ შეხვდება.