ძიუდო

20:29 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილის ვერცხლის მედალი პარიზის გრანდ სლემზე

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს მეოთხე მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა, რომელიც 81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ტატომ ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო ფრანგ ტიზი გნამიენთან, კანადელ ფრანსუა დრაპოსთან და ბელგიელ სამი ჩოუჩისთან. ფინალში მისი მეტოქე იაპონელი სოტარო ფუჯივარა იყო, რომელთანაც თითო ვაზარი გაცვალა, მაგრამ შემდეგ მეორე ვაზარი მიიღო და შესაბამისად, იპონით დამარცხდა. აქვე გეტყვით, რომ გრიგალაშვილმა 2021 წელსაც პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილს ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა. ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი ენიელ კაროლი და კუბელი ფელიპე სილვა მორალესი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში გაფრთხილებებით დაძაბულ ბრძოლაში წააგო აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან. ბექა, რომელსაც პარიზის გრანდ სლემზე 2018 წელს ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ დავლათ ბობონოვს უნდა გაჯიბრებოდა, მაგრამ ტრავმის გამო ტატამიზე ვერ გავიდა და ავტომატურად გამარჯვება უზბეკს დარჩა.

ამავე წონაში ასპარეზობდა ლუკა მაისურაძე, რომელიც პირველივე შეხვედრაში 15 წამში იპონით დამარცხდა ფრანგ ალექსის მატიესთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პარიზში 6 ძიუდოისტით ჩავიდა. 5 თებერვალს, ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115791