სხვა

8:52 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ნაბიჯი ფინალამდე: საქართველოს ნაკრებმა ზამთრის ოლიმპიადა მე-6 ადგილზე დაასრულა (+VIDEO)

ზამთრის 24-ე ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს ფიგურული ციგურაობის გუნდური შეჯიბრის ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა.

მოკლე პროგრამის შემდეგ, რომელშიც რითმულ ცეკვებში გიორგი რევია-მარია კაზაკოვამ, სპორტულ ცეკვებში კარინა საფინა-ლუკა ბერულავამ და ვაჟებს შორის მორის ყვითელაშვილმა იასპარეზეს, რის შედეგადაც საქართველო 15 ქულით მეშვიდე ადგილზე იყო და ხუთეულში მოხვედრის რეალური შანსი გააჩნდა.

ყველაფერი ქალთა ინდივიდუალურ გამოსვლაში გადაწყდა, რომელშიც ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა. მან პრაქტიკულად უშეცდომოდ შეასრულა თავისი ნომერი, მსაჯების შეფასებით 67.56 ქულა დაიმსახურა, რაც ათ მონაწილეს შორის მეოთხე შედეგი გამოდგა, ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 7 ქულა მოუტანა.

საბოლოოდ, ქართველებმა 22 ქულა დააგროვეს და კონკურენტ იტალიას გაასწრეს, მაგრამ კანადას - ვერ. საქართველოს ნაკრების დარად ასპარეზობა 22 ქულით ჩინეთის ნაკრებმა დაასრულა და მეხუთეადგილოსნის ბედი დამატებითმა მაჩვენებლებმა გადაწყვიტეს. ჩინეთმა სპორტულ ცეკვებში 10 და რითმულ ცეკვებში 6 ქულა მიიღეს, ჯამში 16 ქულა, ხოლო საქართველოს ნაკრების წევრების, გუბანოვასა და ყვითელაშვილის საერთი მონაგარი იმავე კომპონენტებში 14 ქულა გამოდგა და თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მასპინძლებს დარჩათ.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საბოლოოდ ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის სადებიუტო იყო, მეექვსე ადგილზე დაასრულა, აჯობა რა, იტალიას, ჩეხეთს, გერმანიასა და უკრაინას. ფინალურ ხუთეულში ჩინეთის გარდა, აშშ-ს, იაპონიისა და კანადის ნაკრებები გადავიდნენ.

ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის ოლიმპიადა მომდევნო დღეებში ინდივიდუალურ შეჯიბრებებში გაგრძელდება.

0.139544