მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა დუმილი დაარღვია და აბუ დაბის რებოლის შემდეგ, სოციალურ მედიაში პირველი პოსტი გამოაქვეყნა. ბრიტანელ მრბოლს აბუ დაბის რბოლის შემდგომ მიცემული ინტერვიუს შემდეგ, არავისთან უსაუბრია, რამაც წამოშვა ხმები იმის შესახებ, რომ არასამართლიანი მსაჯობით გაწბილებული, კარიერის დასრულებას აპირებდა.
ახლა კი, „მერსედესის“ 37 წლის პილოტმა, სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის დიდი კანიონის ფონზე დგას. და ზედ მიაწერა: „გასული ვიყავი, ახლა კი დავბრუნდი“!
ჰამილტონს, ვისაც ფორმულა 1-ის 103 დიდი პრიზი აქვს მოგებული, ახლოს იყო მერვე ტიტულის მოპოვებასთან. მაგრამ მსაჯთა კომისიის მიერ, უსაფრთხოების მანქანის წესის მოულოდნელად შეცვლის გამო, გამარჯვება ხელიდან გაუშვა. მას ბოლო წრეზე მაქს ფერსტაპენმა გაასწრო, ვინც ახალ შეცვლილი საბურავებით იყო და ტიტულსაც ის დაეუფლა.
მოგვიანებით, მას სამეფო ოჯახმა რაინდობა უბოძა, ცერემონიის შემდეგ კი მას მედიასთან სიტყვაც არ დაუძრავს და მომდევნო დღეს, არც FIA-ს დაჯილდოების ცერემონიას დასწრებია. არადა, როგორც ჩემპიონატში სამეულში გასული პილოტი, ვალდებული იყო, ცერემონიას დასწრებოდა.
არსებობს ვარაუდი, რომ ბრიტანელს თავისი კარიერის შესახებ, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ის FIA-ს გამოძიებას ელის, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამებოდა აბუ დაბის მსაჯთა და კერძოდ, რბოლის დირექტორ მაიკლ მასის გადაწყვეტილება წესებს.